01/03/2025

რატომ მძვინვარდება ადამიანების მასა?

გამძვინვარებული ბრბო ან პროტესტანტების ჯგუფი, რომელიც საერთო მიზნისთვის იბრძვის, ისევე არ რეაგირებს თავის საკუთარ ტერიტორიაზე შეჭრისას, როგორც ცალკეული ინდივიდი; სიმჭიდროვის ზრდასთან ერთად თითოეული ადამიანის პიროვნული სივრცე მცირდება, რაც მას მტრულად განაწყობს. სწორედ ამიტომაა, რომ რაც უფრო დიდია ადამიანების მასა, მით უფრო ბრაზიანია და საშიში, და შესაძლოა, მან ბრძოლაც წამოიწყოს. პოლიცია ცდილობს, ისე დაშალოს ბრბო, რომ ყველა ადამიანმა საკუთარი პიროვნული სივრცე დაიბრუნოს და დაწყნარდეს.
     მხოლოდ უკანასკნელ წლებში გააცნობიერეს მთავრობებმა და ქალაქების მგეგმავებმა, რა შედეგი მოსდევს, როდესაც ძალიან მჭიდრო დასახლების პროექტებში ინდივიდები თავიანთ პიროვნულ ტერიტორიას კარგავენ. 
დიდი სიმჭიდროვისა და ზეგადატვირთვის პირობებში ცხოვრების შედეგები ნათლად წარმოჩნდა ირმების პოპულაციის შესწავლით ჯეიმსის კუნძულზე, რომელიც 2 კმ-ით არის დაშორებული მერილენდისგან ჩეზაპიკის ყურეში, აშშ-ში. 
     მრავალრიცხოვან ჯოგებში ბევრი ირემი იღუპებოდა, თუმცა იმ დროისთვის საკვებიც ბევრი ჰქონდათ, არც მტაცებლები ჩანდნენ და არც ინფექციური დაავადებები გავრცელებულა. უფრო ადრეულ წლებში მსგავსმა კვლევამ ვირთხებსა და კურდღლებზე იგივე ტენდენცია გამოავლინა, ხოლო შემდგომმა დაკვირვებამ ირმებზე აჩვენა, რომ მათი დაღუპვის მიზეზი იყო ადრენალური ჯირკვლების ზედმეტი გააქტიურება, რასაც იწვევდა სტრესი, რომელსაც საერთო პოპულაციის ზრდასთან ერთად ცალკეული ირემი იღებდა საკუთარი ტერიტორიის დარღვევის გამო. ადრენალური ჯირკვლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზრდის რეგულაციაში, რეპროდუქციასა და სხეულის დაცვაში. ზეგადატვირთვით გამოწვეული ფიზიოლოგიური რეაქცია სიკვდილს განაპირობებდა და არა შიმშილს, ინფექციური დაავადებების გავრცელებას ან აგრესიას ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამიტომაა, რომ ადგილები, რომელიც ადამიანთა პოპულაციის მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევა, ასეთივე მაღალ მაჩვენებლებს ავლენს დანაშაულისა და ძალადობის მხრივ. 
     საკუთარი ტერიტორიის ფლობა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა მისწრაფებაა და მას საფუძვლად უდევს ჩვენი მოთხოვნილება, მოვიპოვოთ თავისუფალი სივრცე.
"სხეულის ენა" (ალან პიზი, ბარბაბა პიზი, გვ. 177)


No comments :

Post a Comment