Showing posts with label ბიოკლუბი. Show all posts
Showing posts with label ბიოკლუბი. Show all posts

02/06/2024

კითხვარი ოლიმპიადის უკუკავშირისათვის

ნებისმიერი სასწავლო აქტივობის განხორციელების დასასრულს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მონაწილეთა მხრიდან უკუკავშირის მიღებას. 

მეც მოვუმზადე მცირე კითხვარი ბიოლოგიის სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეებს, რათა მათი მხრიდან მიღებული შენიშვნების საფუძველზე უკეთ დავგეგმო მსგავსი აქტივობა მომავალ წელს.

ქვემოთ გთავაზობთ ჩემ მიერ მომზადებული კითხვარის Pdf ვერსიას და ასევე, მასთან დაკავშირებულ რამდენიმე რჩევას:

  • ეცადეთ, კითხვარი არ იყოს ძალიან დიდი და დამღლელი, რათა მოსწავლეებს არ დაეკარგოთ შევსების სურვილი. 
  • მიეცით მეტი დახურული კითხვა სავარაუდო პასუხებით, თუმცა სასურველია ისეთი კითხვებიც, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი  აზრიც. 
  • კითხვარი შეადგინეთ ონლაინ რეჟიმში, მაგალითად, მე მოვამზადე Google Forms-ში, მონაწილეებს Facebook-ში მოვუყარე თავი საერთო ჩატში, სადაც მარტივად გავუზიარე კითხვარის ბმული. 
  • ძალიან მნიშვნელოვანია მონაწილეთა მხრიდან ნდობა და მათი დარწმუნება კითხვარის ანონიმურობაში, რათა პასუხები იყოს გულწრფელი (ონლაინ კითხვარს ამ თვალსაზრისითაც აქვს უპირატესობა, რადგან მოსწავლემ იცის, რომ მის პასუხებს ვერ ამოიცნობენ, მაგალითად, გამორჩეული კალიგრაფიით).

ჩვენს ოლიმპიადაში 26 მოსწავლე მონაწილეობდა და მათგან 25-მა შეავსო კითხვარი. პასუხებიდან, გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრი მოსალოდნელი იყო, თუმცა მოულოდნელი პასუხებიც მივიღე :). მთლიანობაში, მიღებული ინფორმაცია ძალიან საინტერესო გამოდგა და ვისურვებდი, მონაწილეებს კიდევ უფრო ვრცლად გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები.



27/05/2024

ბიოლოგიის სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებულები

დასრულდა სსიპ - ქ.თბილისის №156 საჯარო სკოლის ბიოლოგიის კლუბ - „გენეტიკური კოდის“ - მიერ ორგანიზებული ბიოლოგიის სასკოლო ოლიმპიადა მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის. 
შედეგების მიხედვით გამოვლინდა 4 გამარჯვებული მოსწავლე:

  • I ადგილი - მაქსიმე ბენდელიანი (მე-7დ           კლასი) და ანარ ნოვრუზოვი (მე-7გ კლასი);
  • II ადგილი - ანასტასია კახურაშვილი (მე-7ბ კლასი);
  • III ადგილი - ანიტა დავითაძე (მე-7ა კლასი).
გამარჯვებულ მოსწავლეებს გადავეცით სიგელები და სიმბოლური საჩუქრები. ვუსურვებ მათ წარმატებებსა და კიდევ მრავალ საინტერესო კონკურსში გამარჯვებას.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის დირექტორს - ქალბატონ თეონა აბულაძეს მხარდაჭერისა და დაჯილდოების ორგანიზებისათვის.


19/05/2024

ბიოლოგიის სასკოლო ოლიმპიადის II ტური

2024 წლის 16 მაისს სსიპ - ქ. თბილისის N156 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის კლუბ - „გენეტიკური კოდის“ ინიციატივით მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის II ტური ბიოლოგიაში. მასში მონაწილეობდა 12 მოსწავლე, რომელთაც I ტურში დააგროვეს ქულათა 50%-ზე მეტი.  

I ტურში მოსწავლეებმა შეასრულეს მხოლოდ დახურულკითხვებიანი დავალებები, ხოლო II ტურში - მხოლოდ ღიაკითხვებიანი დავალებები. შედეგად გამოვლინდებიან მოსწავლეები, რომლებიც გადალახავენ 50%-იან ბარიერს, ხოლო მათ შორის გამარჯვებულად ჩაითვლებიან რეიტინგის მიხედვით პირველ 3 ადგილზე გასული მოსწავლეები.

მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის და ამავე დროს, ბიოლოგიის კლუბის წევრ მე-10 კლასის მოსწავლეებს (მარიამ ქარდავას, თამუნა ყალიჩავასა და მარიამ მუშკუდიანს), რომელთაც უზრუნველყვეს ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება.

II ტურის დავალებები

II ტურის დავალებათა პასუხები



22/04/2024

ბიოლოგიის სასკოლო ოლიმპიადის I ტური

2024 წლის 18 აპრილს სსიპ - ქ. თბილისის N156 საჯარო სკოლაში ბიოლოგიის კლუბ - „გენეტიკური კოდის“ ინიციატივით მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის გაიმართა სასკოლო ოლიმპიადის I ტური ბიოლოგიაში. 

აქტივობის მიზანია:

  •  გაზარდოს მოსწავლეებში ბიოლოგიის საგნისადმი ინტერესი და სწავლის მოტივაცია;
  • შესძინოს მოსწავლეებს გამოცდებსა თუ საგნობრივ ოლიმპიადებზე აუცილებელი ბაზისური უნარ-ჩვევები;
  • ხელი შეუწყოს სკოლაში ბიოლოგიის საგნის პოპულარიზაციას.

აღნიშნული ოლიმპიადა ჩატარდება 2 ეტაპად. I ტურში მოსწავლეებს 45 წუთის განმავლობაში 30 დახურული ტიპის დავალება უნდა შეესრულებინათ, ხოლო II ტურში დაგეგმილია ღია ტიპის დავალებების შესრულება. 

ოლიმპიადის I ტურში 26 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან მაისის თვეში II ტურში მონაწილეობას განაგრძობს 12 მოსწავლე, რომელთაც დააგროვეს ქულათა 50%-ზე მეტი.  

მადლობას ვუხდი ჩვენი სკოლის და ამავე დროს, ბიოლოგიის კლუბის წევრ მე-10 კლასის მოსწავლეებს (მარიამ ქარდავას, მარიამ მუშკუდიანს, თამუნა ყალიჩავას, ნიკოლოზ ფურცელაძესა და ლევან ეფრემიძეს), რომელთაც უზრუნველყვეს ოლიმპიადის საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება და ტესტირების მშვიდ, დადებით გარემოში ჩატარება.

I ტურის დავალებები

I ტურის დავალებათა სწორი პასუხები



25/03/2024

ბიოლოგიის კლუბში განხორციელებული აქტივობები (2023-2024)


 პოსტში თავმოყრილია ბიოლოგიის კლუბის წევრების მიერ 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობების ჩამონათვალი:

კლუბის აქტივობები




სასარგებლო ოთახის მცენარეების ფოტოგამოფენა


 

ოთახის მცენარეების პოპულარიზაციის მიზნით ბიოლოგიის კლუბის წევრებმა სასკოლო სივრცეში მოაწყვეს ზოგიერთი გამორჩეულად სასარგებლო ოთახის მცენარის ფოტოგამოფენა.

დეტალური ინფორმაცია მცენარეთა შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დანართში:

სასარგებლო ოთახის მცენარეები






პოსტერი - რატომ უნდა მოვუაროთ ოთახის მცენარეებს?

 
კლუბის წევრებმა სკოლის ყველა სართულზე განათავსეს პოსტერი, რომლის მიზანიც იყო საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მოვუაროთ ოთახის მცენარეებს. 



რატომ უნდა მოვუაროთ ოთახის მცენარეებს?


ჩვენს სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ოთახის მცენარეებით შენობის გამწვანების კამპანია, თუმცა, ალბათ, ბევრმა მოსწავლემ (და ზრდასრულმა) არ იცის, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ ოთახის მცენარეებს გარდა სილამაზისა და გარემოს ჟანგბადით გამდიდრებისა.

ბიოლოგიის კლუბი „გენეტიკური კოდი“ აქტიურად ჩაერთო ზემოაღნიშნულ კამპანიაში და სასკოლო საზოგადოების ინფორმირების მიზნით კლუბის წევრებმა დაამზადეს ფერადი პოსტერი - „რატომ უნდა მოვუაროთ ოთახის მცენარეებს?“, რომლებიც განვათავსეთ სკოლის ყველა სართულზე.


და მაინც, რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ ოთახის მცენარეებს ჩვენთვის?

1. ამდიდრებენ გარემოს ჟანგბადით.

2. ამცირებენ ჰაერში მტვრისა და ნახშირორჟანგის რაოდენობას.

3. ატენიანებენ ჰაერს (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონზე, როდესაც გამათბობლებია ჩართული).

4. ასუფთავებენ ჰაერს ბაქტერიებისაგან და სოკოს სპორებისაგან.

5. შთანთქავენ ელექტრომოწყობილობების მიერ გამოყოფილ გამოსხივებას.

6. ამცირებენ ოთახში ხმაურს და აუმჯობესებენ აკუსტიკას.

7. ასუფთავებენ ჰაერს ავეჯიდან და სამშენებლო მასალებიდან გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერებებისგან.

8. გვეხმარებიან ძილის, მეხსიერების, განწყობილების გაუმჯობესებაში.

9. მათი მოვლით ბავშვები სწავლობენ ბუნებაზე ზრუნვას.



19/02/2024

ბიოლოგიის კლუბი - „გენეტიკური კოდი“

2023-2024 სასწავლო წლის თებერვალში სსიპ - ქ. თბილისის №156 საჯარო სკოლაში ჩამოვაყალიბეთ ბიოლოგიის კლუბი, სახელწოდებით - „გენეტიკური კოდი“.