სიცილი დადებითად მოქმედებს ჩვენი სხეულის ყველა ორგანოზე. ამ დროს სუნთქვა ჩერდება, რაც ავარჯიშებს დიაფრაგმას, კისერს, მუცელს, სახესა და მხრებს. სიცილი ზრდის ჟანგბადის რაოდენობას სისხლში, რაც არა მხოლოდ მის გაჯანმრთელებასა და ცირკულაციას აუმჯობესებს, არამედ სისხლძარღვებსაც აფართოებს კანის ზედაპირთან ახლოს. სწორედ ამიტომ წითლდებიან სიცილის დროს სახეზე ადამიანები. სიცილი ამშვიდებს გულისცემას, აფართოებს არტერიებს, აღძრავს მადას და წვავს კალორიებს.
ნეიროლოგმა ჰენრი რუბინშტეინმა აღმოაჩინა, რომ უწყვეტ სიცილს 1 წუთის განმავლობაში მოჰყვება 45-წუთიანი რელაქსაცია. პროფესორ უილიამ ფრაის განცხადების თანახმად, სტენფორდის უნივერსიტეტიდან, 100 გაცინება თქვენი სხეულისთვის ისეთივე აერობული დატვირთვაა, როგორიც 10-წუთიან ვარჯიში ნიჩბებიან ტრენაჟორზე.
კვლევა აჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მაშინაც კი იცინიან ან იღიმებიან, როდესაც განსაკუთრებით ბედნიერად არ გრძნობენ თავს, ბედნიერების ზონის ნაწილს იქმნიან თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში, რაც ელექტრული აქტივობის ზრდით აისახება. სიცილის შესახებ მრავალრიცხოვან კვლევებში, რიჩარდ დევიდსონი, ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის პროფესორი ვისკონსინის უნივერსიტეტიდან მედისონში, საცდელ პირებს ელექტროენცეფალოგრამით იკვლევდა, რითაც ტვინის ტალღების აქტივობა იზომებოდა, როდესაც მათ სასაცილო ფილმებს უჩვენებდა. ღიმილი მკვეთრად ააქტიურებდა ამ ადამიანების ბედნიერების ზონებს. კვლევამ დაადასტურა, რომ ხელოვნურად გამოწვეული ღიმილი და სიცილი ტვინის აქტივობას სპონტანური ბედნიერებისკენ უბიძგებდა.
არნი კენმა, ფსიქოლოგიის პროფესორმა ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტიდან, აღმოაჩინა, რომ იუმორს დადებითი გავლენა აქვს სტრესის განეიტრალების მხრივ. კენი ექსპერიმენტს ატარებდა ადამიანებთან, რომელთან დეპრესიის საწყისი ნიშნები ჰქონდათ. ცდის პირთა 2 ჯგუფი ვიდეოფილმებს 3 კვირის განმავლობაში უყურებდა. ჯგუფს, რომელმაც კომედიებს უყურა, სიმპტომების გაუმჯობესება მეტად აღენიშნებოდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფს, რომელიც არაიუმორისტულ ფილმებს უყურებდა. მან ასევე აღმოაჩინა, რომ წყლულით დაავადებული ადამიანები უფრო მოღუშულები იყვნენ, ვიდრე ისინი, ვისაც წყლული არ აწუხებდა.
"სხეულის ენა", (ალან პიზი, ბარბარა პიზი, გვ. 75)

No comments :
Post a Comment