06/06/2019

5 ივნისი - გარემოს დაცვის მსოფლიო დღე!

     5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. პროექტის - „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ - ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა, რომელშიც საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან ერთად იმერეთის სკოლების მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
     ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით პლასტიკის შეგროვება გადაწყვიტეს. აუტანელი სიცხის პირობებში გაკვეთილების განმავლობაში ისინი დიდი რაოდენობით სითხეს იღებენ და შესაბამისად, დღის ბოლოს ნარჩენის სახით დიდი რაოდენობით პლასტიკი იყრის თავს თითოეულ კლასში. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ იდეის განხორციელებაში. განსაკუთრებული ინიციატივით გამოვიდნენ VI-ზ და VI-ვ კლასის მოსწავლეები, რომელთაც აქცია კლასის გარეთაც „გაიტანეს“ და უფროსებისგან დამოუკიდებლად სკოლის ეზო გაასუფთავეს პლასტიკის ნარჩენებისგან. 
     ვამაყობ ამ პატარებით, მათი მონდომებით და გულწრფელი სურვილებით - თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი გარემოს თუნდაც რამდენიმე დღით სუფთად დაცვაში. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ბევრს გააკეთებენ უკეთეს და ჯანსაღ გარემოში საცხოვრებლად :) 
 
     P.S. იცით რატომ მიყვარს ასეთი ღონისძიებები? ერთის მხრივ - საქმე კეთდება, მეორეს მხრივ - მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაკვეთილის მიღმაც გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და ბევრ სიახლეს ვეცნობი მათი პიროვნული მახასიათებლების შესახებ, რაც აქამდე დაფარული იყო ჩემთვის; ზოგჯერ გაკვეთილზე ნაკლებად აქტიური მოსწავლეები მსგავს აქციებში საოცარ ენთუზიაზმს, ჩართულობას, ინიციატივას და დახმარებისთვის მზადყოფნას ამჟღავნებენ, მოქალაქეობრივ შეგნებასა და პასუხისმგებლობას ავლენენ, რაც, ალბათ დამეთანხმებით, ბევრად მეტად ფასობს, ვიდრე გაკვეთილზე მიღებული განმსაზღვრელი შეფასება... 


No comments :

Post a Comment