24/12/2018

გარე დაკვირვების შესახებ.. :)

    სამოდელო გაკვეთილების შემდეგ გარე დაკვირვების დროც მოვიდა, რომელიც წარმატებით დასრულდა :) .
     დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ნახოთ ამ გაკვეთილის გეგმა, თუმცა აქვე დავძენ, რომ გეგმა სრულყოფილად ვერასდროს ასახავს ყველაფერ იმას, რაც გაკვეთილზე ხდება და ეს ბუნებრივიცაა, რადგან, როგორც ამბობენ, გაკვეთილი - „ცოცხალი პროცესია“ და შეუძლებელია სიტყვა-სიტყვით მისი დაგეგმვა ან ჩატარების შემდეგ - აღწერა.


     გული მწყდება, რომ გაკვეთილის შემდეგ შთაბეჭდილებების ურთიერთგაზიარების გამო, სრულიად დამავიწყდა ფოტოები გადამეღო ყველა იმ რესურსისთვის, რაც იმ დღეს გამოვიყენე, თუმცა შემომრჩა ფოტოები, რომლებიც ზოგიერთი რესურსის დამზადების დროს შინ გადავიღე :). აი, ისინიც:

     შევეცადე გაკვეთილის თემის სახელწოდება იმგვარად შემერჩია, რომ იგი ყოფილიყო მოსწავლეებისთვის ერთგვარად სახალისოც და ადვილად დასამახსოვრებელიც. სწორედ ამ მიზნით გამოვიყენე ფერმენტების შესახებ სიტყვა - „მაშველები“, რითაც ხაზი გავუსვი მათ ფასდაუდებელ დახმარებას ჩვენი ორგანიზმისთვის. იმედი მაქვს, მომდევნო გაკვეთილებზე მოსწავლეებს ხშირად გაახსენდებათ ფერმენტების ეს ზედმეტსახელი და მასზე დაყრდნობით ყოველ ჯერზე სწორად შეძლებენ მათი ფუნქციის დასახელებას. 


     ეს სქემა აქ წარმოდგენილია უკვე მზა სახით, თუმცა მისი საწყისი ფორმა (რომელიც კლასს წარვუდგინე გაკვეთილზე) ცოტათი განსხვავებული იყო: მასზე განთავსებული მქონდა მხოლოდ ლურჯი და წითელი ბარათები. შესაბამისი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ჯერ ყვითელი ბარათები დაალაგეს, შემდეგ - მწვანე და თავიანთი არჩევანიც არგუმენტირებულად დაასაბუთეს.


     გავრცელებული შეხედულების თანახმად, მასწავლებელმა მოსწავლეებს თავიდანვე უნდა გააცნოს შეფასების რუბრიკა, რასაც არ ვეთანხმები, რადგან მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, თუ რის შეფასებას ვახდენ და რომელ აქტივობაში. მოცემულ გაკვეთილზე შეფასება უნდა გამომეყენებინა მეოთხე აქტივობაში. თუ მოსწავლეებს შეფასების რუბრიკას გავაცნობდი გაკვეთილის დასაწყისშივე, სავარაუდოდ, მათ მისი შინაარსი ნაკლებად დაამახსოვრდებოდათ. შესაბამისად, რუბრიკა დაკარგავდა ეფექტურობას, ამიტომ უფრო მართებულად მივიჩნიე მისი გამოყენება სწორედ იმ აქტივობის წინ, რომლისთვისაც იყო განკუთვნილი. 

მარტივი კითხვარი, რომლითაც ჯგუფის წევრები აფასებენ ერთობლივად მუშაობას.





No comments :

Post a Comment