17/05/2018

„ბედნიერების ჰორმონი“

     „ბედნიერების ჰორმონი“ - სეროტონინი თავის პირველად ფუნქციას ნერვული სისტემის ფარგლებში ახორციელებს, თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი უმეტესი რაოდენობა ლოკალიზებულია არა თავის ტვინში, არამედ მის გარეთ - საჭმლის მომნელებელ არხში (95%) და სისხლის თრომბოციტებში. 
     ცნობილია, რომ სეროტონინის შემცველობა ორგანიზმში იზრდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბედნიერია, ხოლო მკვეთრად ქვეითდება - დეპრესიის დროს. მისი სინთეზი ხდება ამინომჟავა - ტრიფტოფანიდან და ამ პროცესს ასტიმულირებს D ვიტამინი და ულტრაიისფერი სხივები. 

     სეროტონინის ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში საკმაოდ მრავალფეროვანია:

1. თავის ტვინზე გავლენა - ხელს უწყობს ინფორმაციის გადატანას ტვინის ერთი უბნიდან მეორეში. აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით, მეხსიერებას და შემეცნებით უნარებს. ასევე, გავლენას ახდენს ნეირონებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სოციალური ქცევის ზოგიერთ ასპექტზე.

2. სისხლის შედედებაზე გავლენა - სხეულის დაზიანებისას ზრდის თრომბოციტების აქტივობას, ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნასა და ჭრილობიდან სისხლდენის შეწყვეტას (დადგენილია, რომ სისხლდენისკენ მიდრეკილ პაციენტებს მისი შემცველობა დაქვეითებული აქვთ).

3. ალერგიულ და ანთებით რეაქციებზე გავლენა - ზრდის სისხლში ეოზინოფილების შემცველობას. ასევე, ზრდის სისხლძარღვების განვლადობას, აძლიერებს ქემოტაქსის და ლეიკოციტების მიგრაციას ანთების კერისაკენ.

4. საჭმლის მომნელებელ სისტემაზე გავლენა - აძლიერებს საჭმლის მომნელებელი არხის პერისტალტიკას და სეკრეტორულ აქტივობას. დადებით გავლენას ახდენს ნაწლავებში ზოგიერთი სიმბიოზური მიკროორგანიზმის გამრავლებაზე. თუ სეროტონინის შემცველობა სისხლში ნორმაშია, ადამიანს ნაკლებად უჩნდება ტკბილეულის მიღების სურვილი და ასევე მცირდება შიმშილის შეგრძნება, რაც ხელს უწყობს სხეულის მასის შენარჩუნებას.

5. ტკივილზე გავლენა - დამტკიცებულია, რომ სეროტონინის რაოდენობის შემცირებისას იზრდება ორგანიზმის მგრძნობელობა ტკივილის მიმართ.

გარდა ამისა, სეროტონინს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინულ და კუნთოვან სისტემაზე. კვლევებით ნაჩვენებია მისი როლი მშობიარობის შემდეგ რძის წარმოქმნაში.



No comments :

Post a Comment