ეს ინგლისელი ბიოქიმიკოსი ერთადერთი მეცნიერია, რომელმაც ორჯერ აიღო ნობელის პრემია ქიმიაში (და ერთ-ერთია იმ ოთხ ადამიანს შორის, ვინც შეძლო ნობელის პრემიის ორჯერ აღება).
ფრედერიკ სენგერის პირველი წარმატება იყო ხარის ინსულინის ორი პოლიპეპტიდური ჯაჭვის სრული ამინომჟავური თანმიმდევრობის განსაზღვრა (A ჯაჭვი - 21 ამინომჟავა, B ჯაჭვი - 30 ამინომჟავა). ითვლებოდა, რომ ცილები უწესრიგო სტრუქტურის მქონე მოლეკულებია, სენგერმა კი ინსულინის მოლეკულის გაშიფვრით დაამტკიცა, რომ ნებისმიერ ცილას განსაზღვრული ქიმიური შედგენილობა და ამინომჟავათა უნიკალური თანმიმდევრობა აქვს. სწორედ ამ აღმოჩენისათვის მიენიჭა მას პირველი ნობელის პრემია.
1977 წელს სენგერმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს დნმ-ის პირველადი სტრუქტურის გასაშიფრი მეთოდი, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც „სენგერის მეთოდი“. სწორედ ამ მეთოდმა მოუტანა სენგერს ნობელის მეორე პრემია, რომელიც მან უოლტერ გილბერტთან და პოლ ბერგთან ერთად გაინაწილა. მათ აღნიშნული მეთოდის საშუალებით დაადგინეს ადამიანის მიტოქონდრიალური დნმ-ის (16 569 წყვილი აზოტოვანი ფუძე) და ბაქტერიოფაგ λ-ს (48 502 წყვილი აზოტოვანი ფუძე) ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა. საბოლოოდ „სენგერის მეთოდი“ მეცნიერებმა გამოიყენეს ადამიანის მთელი გენომის სეკვენირებისათვის.
No comments :
Post a Comment