07/05/2017

გინახავთ მწვანებეწვიანი ცხოველი?

     ბუნებაში სხეულის მწვანე ფერი არცთუ იშვიათი მოვლენაა, მრავალ ქვეწარმავალსა და ფრინველს ნახავთ ასეთი შეფერილობით, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ძუძუმწოვრებს შორის მწვანებეწვიან წარმომადგენელს ვერსად ნახავთ. ამ თვალსაზრისით ერთადერთ გამონაკლისს ზარმაცა წარმოადგენს.
     ზარმაცების 2 გვარია ცნობილი: ორთითა და სამთითა. ჩვეულებრივ, მათ ყავისფერი ბეწვი აქვთ, მაგრამ სამთითა ზარმაცას ბეწვი ღრუბელივით ისრუტავს ტენს, რის გამოც მის სველ თმიან საფარველში შესანიშნავი გარემო იქმნება ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების (კერძოდ, Trichophilus welckeri-ის) არსებობისთვის და შესაბამისად, წვიმების სეზონზე სამთითა ზარმაცა შესამჩნევად მწვანე ხდება.
    მეცნიერთა თვალსაზრისით, ზემოთ აღნიშნული ფაქტი ძალიან საინტერესო და ერთადერთი მაგალითია ბუნებაში, როცა წყალმცენარესა და ძუძუმწოვარ ცხოველს შორის სიმბიოზური ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. მათი აზრით, სიმბიოზი შემდეგში მდგომარეობს: წყალმცენარეს შესანიშნავი გარემო აქვს საარსებოდ, ზარმაცა კი მისგან ორმაგ სარგებელს იღებს: 1) მწვანე „ნიღაბს“ იფარებს, რის გამოც ტროპიკული ხეების ფოთლებში ძნელადშესამჩნევია მტაცებლებისთვის. 2) ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, წყალმცენარეები ამზადებენ ისეთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც დიფუზიის გზით აღწევს ზარმაცას სხეულში ბეწვიდან და კანიდან.
     წყალმცენარეები აღმოჩენილია ორთითა ზარმაცას ბეწვშიც, თუმცა ეს უკანასკნელი შედარებით მშრალი რჩება, ამიტომ წყალმცენარეთა რაოდენობა მის სხეულზე გაცილებით მცირეა და მწვანე შეფერილობაც ნაკლებადშესამჩნევია.

ზარმაცას ბეწვის საფარველი ერთგვარი ეკოსისტემაა, სადაც პროდუცენტის როლს წყალმცენარეები ასრულებენ,
კონსუმენტის როლს - სხვადასხვა მწერები, რედუცენტის როლს კი - სოკოები.



No comments :

Post a Comment