დედამიწის უდიდეს ვულკანად აღიარებული მაუნა-ლოა, რომლის სახელიც იქაურ ენაზე „გრძელ მთას“ ნიშნავს, წყნარ ოკეანეში მდებარეობს და ერთ-ერთია იმ 5 ვულკანიდან, რომელთაც ჰავაის კუნძულები შექმნეს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 4169 მეტრია და როგორც ზოგიერთი მეცნიერი თვლის, ეს ვულკანი დაახლოებით 700 000 წელს ითვლის.
კუნძული, რომელზეც მაუნა-ლოა მდებარეობს ჰავაის ყველაზე სამხრეთით მდებარე და ამასთან, ყველაზე დიდი კუნძულია. მაუნა-ლოას მეზობლად მდებარეობს 2 ასევე ცნობილი ვულკანი: სამხრეთ მხარეს - კილაუეა, ჩრდილოეთ მხარეს - მაუნა-კეა.
ჰავაის კუნძულები |
მაუნა-ლოა და კილაუეა ჰავაის „ვულკანური პარკის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც, თავის მხრივ, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაშია შეტანილი. ისინი კარგი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ მოხდა ვულკანების მიერ ჰავაის კუნძულების წარმოქმნა.
მაუნა-ლოაზე ზღვის ტროპიკული კლიმატია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზამთრის პერიოდში (იანვარი-მარტი) ამ ვულკანის წვერო თოვლით იფარება მაშინ, როცა კუნძულის სანაპირო ზოლში ტემპერატურა +20 გრადუსზე (ცელსიუსით) დაბლა არასდროს ჩამოდის. აქაური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა უმეტესობა ენდემური სახეობებია.
აღსანიშნავია, რომ მაუნა-ლოას სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს ატმოსფერული (ამინდის) ობსერვატორია, სადაც ზომავენ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციას. ეს მონაცემები გამოიყენება ატმოსფეროს მდგომარეობის გლობალურ მონიტორინგში და გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზში.
ვულკანის წვერთან ახლოს მდებარეობს მზის ობსერვატორია, სადაც მზეს შეისწავლიან, ხოლო ვულკან კილაუეზე მდებარეობს ვულკანური სადგური, სადაც ამ ორი მეზობელი ვულკანის აქტივობას აკვირდებიან 1912 წლიდან მოყოლებული.
No comments :
Post a Comment