05/12/2016

პლანეტა ვენერა

ვენერა
     ვენერა მზის სისტემაში მეორე ადგილზე მოძრავი პლანეტაა. მას სახელი უწოდეს ძველმა რომაელებმა სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის პატივსაცემად. ის ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ქალის სახელი ჰქვია. ეს, ალბათ, იმის გამო, რომ ვენერა ყველაზე ლამაზი ქალღმერთია რომაულ მითოლოგიაში ისევე, როგორც ეს პლანეტაც ყველაზე კაშკაშა პლანეტაა.
     ვენერას დედამიწის „ტყუპისცალს“ ეძახიან, რადგან ისინი მსგავსია ზომით, მასით, სიმკვრივით, შედგენილობით, თუმცა ძლიერ განსხვავდებიან არსებული პირობებით.
     თავის ღერძის გარშემო შემობრუნებისათვის ვენერას სჭირდება 243 დღე, ხოლო მზის გარშემო შემობრუნებისათვის - 225 დღე (გამოდის, ვენერაზე წელიწადი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე დღე-ღამე).
     ვენერას ატმოსფერო ძლიერ მკვრივი და ტოქსიკურია. ის ძირითადად შედგება ნახშირორჟანგისა და აზოტისაგან, ასევე გოგირდმჟავის ღრუბლებისაგან. ნახშირორჟანგის სქელი შრე პლანეტაზე ქმნის „სათბურის ეფექტს“, რის გამოც მის ზედაპირზე ტემპერატურა დაახლოებით +480 გრადუსს აღწევს (ცელსიუსით). 
     ვენერაზე ცოტაა კრატერების რაოდენობა (რის გამოც მიიჩნევენ, რომ ის ახალგაზრდა პლანეტაა), თუმცა ძალიან ბევრია ვულკანი.
ვენერას ზედაპირის 3D გამოსახულება
     ვენერა 40-ზე მეტმა კოსმოსურმა აპარატმა გამოიკვლია, მაგრამ ძლიერი სიმხურვალის გამო მასთან მიახლოებას კოსმოსური ხომალდი მხოლოდ რამდენიმე საათით ახერხებს, შემდეგ კი ნადგურდება.
    პლანეტების უმრავლესობისგან განსხვავებით,  ვენერა ბრუნავს აღმოსავლეთიდან დასავლეთით, რის გამოც აქ მზე „ამოდის“ დასავლეთიდან და „ჩადის“ აღმოსავლეთით.
     2005 წელს კოსმოსურმა ხომალდმა „Venus Express“-მა ვენერაზე აღმოაჩინა ელვის დამადასტურებელი ფაქტები. დედამიწაზე ელვას იწვევს წყლის ორთქლის ღრუბლები, ვენერაზე კი - გოგირდმჟავის ღრუბლები.
     ვენერას არ ჰყავს თანამგზავრი და არ აქვს რგოლები.



No comments :

Post a Comment