07/12/2016

პლანეტა სატურნი

სატურნი
     სატურნი მზის სისტემაში მეშვიდე ადგილზე მოძრავი პლანეტაა, სიდიდით კი - მეორე ადგილზეა. მას სახელი უწოდეს ძველმა რომაელებმა მიწათმოქმედების ღმერთის პატივსაცემად.
     სატურნს თავისი ღერძის გარშემო შემობრუნებისათვის 10,7 საათი სჭირდება, ხოლო მზის გარშემო შემობრუნებისათვის - 29 წელი.
     იუპიტერის მსგავსად სატურნიც „გაზის გიგანტია“ და შედგება აირებისა და სითხეებისაგან, თუმცა მეცნიერთა აზრით, პლანეტის შიგნით რკინის, ნიკელისა და ყინულისგან შექმნილი ბირთვიც არის, რომელსაც გარსს აკრავს ამიაკი, მეთანი და წყალი, შემდეგ კი წყალბადისა და ჰელიუმის სქელი შრე, რომელიც მის ატმოსფეროსაც ქმნის.
     სატურნზე ქრის ქარი, აღინიშნება მაგნიტური ველი და პოლარული ციალი.
     სატურნს ჯერ-ჯერობით 5 კოსმოსური აპარატი „სტუმრობდა“.
     საინტერესოა, რომ სატურნის სიმკვრივე ყველა პლანეტის სიმკვრივეზე ნაკლებია. უფრო მეტიც, მისი სიმკვრივე წყლის სიმკვრივესაც კი ჩამორჩება (ეს იმას ნიშნავს, რომ  თუ იარსებებდა  წყლით სავსე გიგანტური აუზი, სატურნი მასში იტივტივებდა).
ტიტანი
     სატურნს 62 თანამგზავრი ჰყავს, რომელთაგან 53 უკვე შესწავლილია, 9 კი - ჯერაც კვლევის პროცესშია. ყველაზე დიდია ტიტანი, რომელიც მზის სისტემაში სიდიდით მეორე ადგილზე მდგარი თანამგზავრია (იუპიტერის თანამგზავრ განიმედეს შემდეგ). 
     სატურნს გარშემო 7 რგოლი აქვს, რომლებსაც ქმნის ყინულისა და ქვის მილიარდობით ნაწილაკი. მეცნიერთა აზრით, ეს ნაწილაკები კომეტების, ასტეროიდებისა და თანამგზავრების დაშლის შედეგად დარჩენილი ნარჩენებია.
     სატურნზე სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობები არ არის, თუმცა მისი ზოგიერთი თანამგზავრი შეიძლება გამოდგეს საამისოდ, მაგალითად, ტიტანი.
ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ სატურნის თანამგზავრები:
სატურნის თანამგზავრები



No comments :

Post a Comment