08/11/2026

რატომ არის მთქნარება გადამდები? (ნაწილი II)

სხვისი მთქნარების დანახვაზე მთქნარების სურვილის აღმოცენებას მეცნიერები ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფენომენად მიიჩნევენ. ვნახოთ, ამ მიმართულებით არსებული მოსაზრებები:

1. ემპათია და სოციალური კავშირი - პიზის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევებმა აჩვენა, რომ „გადამდები“ მთქნარების სიხშირე და სისწრაფე პირდაპირ კავშირშია ადამიანებს შორის ემოციურ სიახლოვესა და ემპათიასთან (ყველაზე მეტად ეს რეფლექსი ოჯახის წევრებს შორის მუშაობს, ყველაზე ნაკლებად კი - უცნობებს შორის).

2. სარკისებრი ნეირონები - ჩვენს ტვინში არსებული ე.წ. სარკისებრი ნეირონები აქტიურდებიან მაშინ, როდესაც სხვის მიერ შესრულებულ მოქმედებებს ვუყურებთ. შესაბამისად, სხვისი მთქნარების დანახვისას ეს ნეირონები ტვინს აიძულებენ იგივე მოძრაობა გავიმეოროთ.

3. ევოლუციური სინქრონიზაცია - ამ მოსაზრების თანახმად, წარსულში მთქნარების რეფლექსი ჯგუფის წევრებს ეხმარებოდა სიფხიზლის დონისა და ბიოლოგიური რიტმის სინქრონიზაციაში - როდესაც ჯგუფის ლიდერი ამთქნარებდა, ეს მიანიშნებდა დანარჩენებს, რომ ძილის ან პირიქით, სიფხიზლის დრო იყო და სხვებიც იმეორებდნენ მას.

აღსანიშნავია, რომ 4-5 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე, აუტიზმის ან შიზოფრენიის მქონე ადამიანებს „გადამდები“ მთქნარების რეფლექსი პრაქტიკულად არ აღენიშნებათ, რაც „ემპათიისა და სოციალური კავშირის“ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს.



No comments :

Post a Comment