07/11/2026

რატომ არის მთქნარება გადამდები? (ნაწილი I)

ადამიანები ხშირად ამთქნარებენ დაღლილობის, ძილიანობის ან მოწყენილობის დროს, მაგრამ არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც მთქნარების პროცესში მყოფი ადამიანის დანახვაზე ჩვენც მთქნარებას ვიწყებთ. რატომ ხდება ასე?

ჩვენი ორგანიზმისთვის დამახასიათებელ რეფლექსებს შორის მთქნარება ერთ-ერთი იდუმალი რეფლექსია. მეცნიერებს დღემდე არ აქვთ ზუსტი პასუხი მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ, თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია და გადავხედოთ ზოგიერთ მათგანს:

1. ტვინის გაგრილების თეორია - დღეისათვის ეს ყველაზე პოპულარული თეორიაა, რომელიც ენდრიუ გალაპს ეკუთვნის. მის თანახმად, გადაღლის ან გარემო ტემპერატურის ცვლილების დროს ტვინი „ხურდება“, მთქნარების დროს პირის ფართოდ გაღება და ღრმა ჩასუნთქვა კი ხელს უწყობს ტვინის გაგრილებას. დამტკიცებულია, რომ ადამიანები უფრო ხშირად ამთქნარებენ სეზონების ცვლილების ეტაპზე და ამ გზით სხეული ახდენს ტვინის თერმორეგულაციას.

2. ყურის წნევის რეგულირება - მთქნარების დროს თანაბრდება ჰაერის წნევა შუა ყურსა და გარემოს შორის. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ მთქნარებას დაიწყებთ თვითმფრინავის აფრენისას, მთაში ასვლისას ან ლიფტით სწრაფად გადაადგილების დროს.

3. ქიმიური „კოქტეილი“ ტვინში - ამ თეორიის თანახმად, მთქნარება კონტროლდება ნეირომედიატორებითა და ჰორმონებით. ტვინში დოფამინის, ოქსიტოცინის, სეროტონინისა და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დონის მატება იწვევს მთქნარების რეფლექსის აღმოცენებას. თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ანტიდეპრესანტის მიღებისას ადამიანები უფრო ხშირად ამთქნარებენ.

4. კუნთების გაწელვა - მთქნარება ეხმარება სახის, კისრისა და სასუნთქი სისტემის კუნთებს „გაწელვაში“ და ტონუსის გაუმჯობესებაში.

ხალხში გავრცელებულია აზრი, თითქოს ვამთქნარებთ ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობის გამო, თუმცა ეს მოსაზრება ჯერ კიდევ 1987 წელს უარყო ფსიქოლოგმა რობერტ პროვინმა. მისი ექსპერიმენტებით დამტკიცდა, რომ ჟანგბადის რაოდენობის ცვლილებას მთქნარების სიხშირეზე გავლენა არ აქვს.



No comments :

Post a Comment