ერთმა ღვარძლიანმა თანამემამულემ ერატოსთენეს „ბეტა“ შეარქვა - ბერძნული ანბანის მეორე ასო, რადგან, ამ კაცის აზრით, ის ყველაფერში მეორე იყო მსოფლიოში. თუმცა, აშკარაა, რომ ხსენებული მეცნიერი „ალფა“ გახლდათ თითქმის ყველა საქმეში.
ერატოსთენე იყო ასტრონომი, ისტორიკოსი, გეოგრაფი, ფილოსოფოსი, პოეტი, თეატრის კრიტიკოსი და მათემატიკოსი. ამას გარდა, ის ალექსანდრიის დიდი ბიბლიოთეკის დირექტორიც იყო, სადაც ერთ დღეს პაპირუსზე ამოიკითხა, რომ სამხრეთ საზღვართან მდებარე ქალაქ სიენასთან (დღევანდელი ასუანი), ნილოსის პირველი ჩანჩქერის მახლობლად, 21 ივნისის შუადღეს ვერტიკალურად აღმართული ჭოკები ჩრდილს საერთოდ არ იძლეოდა. წლის ყველაზე გრძელ დღეს, ზაფხულის ნაბუნიობისას, შუადღისკენ ტაძრის სვეტების ჩრდილები თანდათან დამოკლდა, შუადღისას კი სულ გაქრა. მზის ანარეკლი ღრმა ჭის წყალში მოჩანდა. მზე ზუსტად თავს ზევით იყო.
ერატოსთენემ გადაწყვიტა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და დაჰკვირვებოდა, ექნებოდა თუ არა ჩრდილი ვერტიკალურად აღმართულ ჭოკებს ალექსანდრიაში 21 ივნისს... და აღმოაჩინა, რომ ჰქონდა.
რატომ იყო, რომ ერთსა და იმავე მომენტში სიენაში ჭოკს ჩრდილი არ ჰქონდა, მისგან ჩრდილოეთით მდებარე ალექსანდრიაში აღმართულს კი - პირიქით? ერთადერთი შესაძლო პასუხი, ერატოსთენეს მიხედვით, ის იყო, რომ დედამიწის ზედაპირი მორკალულია (და არა ბრტყელი). უფრო მეტიც: რაც მეტია გამრუდება, მით მეტია განსხვავება ჩრდილების სიგრძეს შორის. მზე ჩვენგან ისე შორსაა, რომ დედამიწამდე მოღწეული მისი სხივები პარალელურია. მზის სხივების მიმართ სხვადასხვა კუთხით მდგარი ჭოკები სხვადასხვა სიგრძის ჩრდილებს იძლევა. ამ განსხვავებიდან გამომდინარე, დაშორება ალექსანდრიასა და სიენას შორის დედამიწის ზედაპირზე დაახლოებით შვიდგრადუსიანი კუთხის შესაბამისი მანძილის ტოლი უნდა ყოფილიყო. ე.ი. თუ წარმოვიდგენთ, რომ ჭოკები დედამიწის ცენტრამდე გრძელდება, ცენტრში ისინი ერთმანეთს შვიდგრადუსიანი კუთხით გადაკვეთს. 7 გრადუსი წრის სრული კუთხის (360 გრადუსი) დაახლოებით 1/50-ია. ერატოსთენემ იცოდა, რომ მანძილი ალექსანდრიასა და სიენას შორის დაახლოებით 800 კილომეტრი იყო. 800 კმ X 50 = 40 000 კმ - ამდენივე უნდა იყოს დედამიწის გარშემოწერილობაც.
ერატოსთენეს ხელსაწყოებს მხოლოდ ჭოკები, თვალები, ფეხები და ტვინი შეადგენდა, რასაც ექსპერიმენტის ჩატარების სურვილიც დაემატა. შედეგად მან დედამიწის გარშემოწერილობა სულ რამდენიმე პროცენტის ცდომილებით გამოთვალა. 2200 წლის წინანდელ ეპოქაში ეს საოცარი მიღწევა იყო.
ერატოსთენე გახლდათ პირველი ადამიანი, რომელმაც ჩვენი პლანეტა სწორად გაზომა.
(წიგნიდან „კოსმოსი“, კარლ სეიგანი, 2021წ., გვ. 40-42)
No comments :
Post a Comment