02/04/2025

კოსმოსის შესახებ (წიგნიდან - "კოსმოსი", კარლ სეიგანი, 2021 წელი)

  • 1 წამში სინათლის სხივი 186 000 მილს (თითქმის 300 000 კილომეტრს) გადის და დედამიწას გარშემო 7-ჯერ შემოუვლის. 

  • მზის სხივი დედამიწამდე 8 წუთში აღწევს.

  • არსებობს დაახლოებით ასი მილიარდი გალაქტიკა, თითოეული, საშუალოდ, 100 მილიარდი ვარსკვლავით. ყველა გალაქტიკაში, შესაძლოა, იმდენივე პლანეტაა, რამდენი ვარსკვლავიცაა.

  • ვარსკვლავების უმეტესობა ხილულ და ინფრაწითელ დიაპაზონში ანათებს, თუმცა არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც რენტგენის სხივებსა და რადიოტალღებს ავრცელებენ.

  • ლურჯი ვარსკვლავი - ახალგაზრდა და ცხელია; ყვითელი - საშუალო ასაკისაა, ზომიერი ტემპერატურით; წითელი - ხშირად ასაკოვანი და მომაკვდავია; პატარა თეთრი ან შავი ვარსკვლავები კი სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპს გადიან.

  • პლუტონი დაფარულია გაყინული მეთანით.

  • ჩარონი - პლუტონის ერთადერთი გიგანტური მთვარე.

  • „ვოიაჯერის“ ტიპის თანამედროვე კოსმოსურ აპარატს დედამიწიდან სატურნამდე მისაღწევად დაახლოებით 3 წელი სჭირდება.

  • „კოსმოსი“ ბერძნული სიტყვაა და სამყაროს წესრიგს ნიშნავს.

  • თანავარსკვლავედების რუკა შექმნა და ვარსკვლავების სიკაშკაშის სტადიები გამოთვალა ასტრონომმა ჰიპარქემ.

  • კოსმოსში რადიოტელესკოპებმა ათეულობით სხვადასხვა სახის ორგანული მოლეკულა აღმოაჩინეს. მათი სიუხვე იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლისთვის საჭირო მასალა ყველგან არის.

  • იუპიტერის ატმოსფერო წყალბადით, ჰელიუმით, მეთანით, წყლითა და ამიაკითაა მდიდარი. მას მყარი ზედაპირი არ აქვს, ცა კი მთლიანად მკვრივი ღრუბლებითაა დაფარული. ზემოდან ორგანული მოლეკულები ცვივა. თუმცა ასეთ პლანეტაზე სიცოცხლისთვის ერთი დიდი დაბრკოლება არსებობს - ატმოსფერო ტურბულენტურია, ქვემოთ კი, სიღრმეში, ძალიან მაღალი ტემპერატურაა. ცოცხალ ორგანიზმს აქ სიფხიზლე მოუწევდა, რათა ქარიშხალს ქვემოთ არ წაეღო და არ დაეწვა.

  • მზისა და მთვარის მსგავსად, ვარსკვლავებიც აღმოსავლეთიდან ამოდიან და დასავლეთით ჩადიან.

  • წელიწადის სხვადასხვა დროს ცაზე სხვადასხვა თანავარსკვლავედს ვხედავთ.

  • მარსი მზის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე ბრუნავს. სხვა პლანეტების ორბიტები მარსისაზე გაცილებით ნაკლებად ელიფსურია.

  • როცა პლანეტა მზესთან ახლოსაა, მისი მოძრაობის სიჩქარე იზრდება, როცა შორსაა - მცირდება.

  • კომეტა შედგება უმეტესად ყინულისგან - გაყინული წყლისაგან, გაყინული მეთანისა და ამიაკის მინარევებისგან.

  • ძველი კომეტები მზესთან მრავალგზის ჩავლის შედეგად იმსხვრევა, ორთქლდება და ქრება. ასეთი ნამსხვრევები კომეტის მთელ ორბიტაზე ნაწილდება. იქ, სადაც ეს ორბიტა დედამიწის ორბიტას კვეთს, ნამსხვრევები და დედამიწა ერთმანეთს ხვდება. მათი ნაწილი ყოველთვის დედამიწის ერთსა და იმავე ადგილას მოძრაობს, ამიტომ მეტეორების წვიმას ყოველ წელს ერთ დღეს ვხედავთ.

  • ფობოსი - მარსთან ყველაზე ახლოს მდებარე მთვარე. მას ზედა ნაწილში უზარმაზარი კრატერი აქვს. დეიმოსი - მარსის მეორე მთვარე.  მათი ზედაპირები, სავარაუდოდ, საკმაო რაოდენობის ორგანულ ნივთიერებებს შეიცავს, რაც მუქ შეფერილობას აძლევს. ორივე ეს მთვარე, შესაძლოა, მარსის მიერ მიზიდული ასტეროიდები იყოს.

  • იუპიტერის მთვარეებია: კალისტო (იუპიტერის ყველაზე შორეული მთვარე), განიმედე (იუპიტერის უდიდესი მთვარე), იო და ევროპა.

  • კომეტები არეკლილი მზის სინათლის ხარჯზე ანათებენ. ნიუტონმა აჩვენა, რომ ისინი, პლანეტების მსგავსად, ელიფსზე მოძრაობენ.

  • ტიპური კომეტის დიამეტრი დაახლოებით 1 კილომეტრია.

  • ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ იუპიტერსა და ურანსაც აქვს რგოლები, რომლებიც დედამიწიდან თითქმის არ ჩანს. რგოლები აქვს ნეპტუნსაც.

  • ვენერას თითქმის იგივე მასა, დიამეტრი და სიმკვრივე აქვს, რაც დედამიწას.

  • ვენერაზე მზე დასავლეთიდან ამოდის და აღმოსავლეთით ჩადის. გათენებიდან დაღამებამდე დედამიწის 118 დღე გადის.. 

  • ვენერას მთის, მაქსველის სიმაღლე 10 800 მეტრია.

  • ვენერას ზედაპირზე ტემპერატურა დაახლოებით 480 გრადუსია (ცელსიუსით). 

  • ვენერას ატმოსფეროს 96% ნახშირორჟანგისგან შედგება. იქ არის აზოტის, წყლის ორთქლის, არგონის, ნახშირჟანგისა და სხვა აირების მინარევებიც, მაგრამ ნახშირწყალბადებისა და ნახშირწყლების რაოდენობა 0,1-მემილიონედზე ნაკლებია. როგორც აღმოჩნდა, ვენერას ღრუბლები ძირითადად გოგირდმჟავას კონცენტრირებული ხსნარია, მარილმჟავასა და ფტორმჟავას უმნიშვნელო მინარევებით. ატმოსფეროს ქვედა ფენები მცირე რაოდენობით შხამიან გაზს, გოგირდის დიოქსიდს შეიცავს. ის ღრუბლების ზემოთ ცირკულირებს, მზის სინათლეში იშლება და წყალთან რეაქციის შედეგად ქმნის გოგირდმჟავას, რომელიც პატარა წვეთებად კონდენსირდება, ქვემოთ ეშვება და იქ სითბოს ზემოქმედების შედეგად ისევ გოგირდის დიოქსიდად და წყლად იშლება, რითაც ციკლი სრულდება. ვენერაზე ყოველთვის გოგირდმჟავას წვიმა მოდის (მთელ პლანეტაზე), თუმცა მის ზედაპირამდე ერთი წვეთიც ვერ აღწევს.

  • გოგირდისფერი ნისლი ვენერას ზედაპირიდან დაახლოებით 45 კმ სიმაღლემდეა შენარჩუნებული, შემდეგ კი იწყება მკვრივი, მაგრამ კრისტალურად სუფთა ატმოსფერო, რომელსაც ხელითაც კი შეიძლება შეეხო.

  • ალბედო - არის პლანეტაზე დაცემული მზის სინათლის ის ნაწილი, რომელიც უკან, კოსმოსისკენ აირეკლება. დედამიწის ალბედო 30-35%-ია. დანარჩენ სინათლეს დედამიწა შთანთქავს და ამით ზედაპირის საშუალო ტემპერატურას ინარჩუნებს.

  • მარსის ჩრდილოეთ პოლუსის ყინულის ქუდი მეტწილად გაყინული წყლისაგან შედგება, სამხრეთ პოლუსის ქუდი კი - გაყინული ნახშირორჟანგისაგან. 

  • იუპიტერის დიდი წითელი ლაქა მიმდებარე ღრუბლებიდან ამომავალი გიგანტური ქარიშხალია, რომლის სიგრძე 40 000, სიგანე - 11 000 კმ-ს აღწევს. წითელ ლაქაში შემავალი მასები 1 ბრუნს 6 დედამიწისეულ დღეში ასრულებს.

  • მარსის ჰაერი ძირითადად ნახშირორჟანგისგან შედგება, თუმცა არის ცოტაოდენი მოლეკულური აზოტი და არგონი, კიდევ უფრო მცირე რაოდენობის წყლის ორთქლი, ჟანგბადი და ოზონი.

  • იუპიტერი თავისი ღერძის გარშემო 1 ბრუნს 10 საათზე ნაკლებს ანდომებს.

  • იუპიტერის თანამგზავრ იოზე არის 9 დიდი ვულკანი, რომლებიდანაც აირი და ქვა-ღორღი ამოიფრქვევა და ასობით (შეიძლება ათასობითაც კი) გამქრალი ვულკანი.

  • იოს ატმოსფერო ძირითადად გოგირდის დიოქსიდისგან შედგება. ღამით ტემპერატურა ისე ეცემს, რომ ეს ნივთიერება კონდენსირდება და თეთრ თრთვილს ქმნის, რის შედეგადაც დამუხტული ნაწილაკები ზედაპირს ბომბავს.

  • მზის სისტემაში თითქმის ყველა თანამგზავრი თავისი პლანეტისკენ მუდმივად ერთი მხრითაა მიქცეული, როგორც, მაგალითად, ჩვენი მთვარე.

  • იუპიტერის შიდა ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ იგი კოსმოსში დაახლოებით 2-ჯერ მერ ენერგიას გზავნის, ვიდრე მზისგან იღებს.

  • ტიტანი -  სატურნის თანამგზავრი, რომელიც უდიდესია მზის სისტემაში.

  • ძველბერძნულ რელიგიაში ღამის ცაზე გადაჭიმული სინათლის ზოლი მიჩნეულია ჰერას რძედ, რომელიც ქალღმერთის ძუძუდან ცის კაბადონზე გადმოიფრქვა. ეს ლეგენდა დაედო საფუძვლად სახელწოდებას, რომელსაც ირმის ნახტომის აღსანიშნავად დასავლეთში დღესაც იყენებენ - Milky Way (ინგლ. რძის გზა).

  • მზის უახლოესი კოსმოსური მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ალფა კენტავრია. ეს სამმაგი სისტემაა, რომელშიც 2 ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო ბრუნავს, მესამე კი, პროქსიმა კენტავრი, ამ წყვილის ირგვლივ , წრეზე მოშორებით მოძრაობს. ორბიტის ერთ-ერთ მონაკვეთში ყოფნისას პროქსიმა ჩვენთვის ცნობილი უახლოესი ვარსკვლავი ხდება; ეს სახელი ამიტომაც ჰქვია (proxima ლათინურად "უახლოესს" ნიშნავს). ვარსკვლავების უმეტესობა ორმაგი ან სამმაგი ვარსკვლავური სისტემის წევრია. ჩვეული ეული მზე იშვიათი გამონაკლისია.



No comments :

Post a Comment