... თავისუფალი, თავის უფალი, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, საკუთარი ნების განმგებელი..
თავისუფლება სხეულით? თავისუფლება სულით? თავისუფლება სხეულითაც და სულითაც? - რომელია ამ სამთაგან ყველაზე სრულყოფილი? რომლის დაკარგვაა ყველაზე მძიმე და ადამიანის, როგორც პიროვნების და გონიერი არსების, გამანადგურებელი?
რას ნიშნავს თავისუფლება? - ვაკეთო ის, რაც მინდა? იქნებ თავისუფალი სწორედ მაშინ ვარ, როცა შემიძლია უარი ვთქვა იმაზე, რაც მინდა?...
როცა რაღაც მინდა, მე სურვილის ტყვე ვხდები და უბედური ვარ მანამ, ვიდრე ამ სურვილს არ დავიკმაყოფილებ... სურვილები ზოგჯერ პატარაა, ზოგჯერ - დიდი, ზოგჯერ - ძლიერი, ზოგჯერ - სუსტი, ზოგჯერ - ცოტა, ზოგჯერ - ბევრი, მაგრამ ისინი ყოველთვის არსებობს და გამუდმებით უქმნის საფრთხეს ჩემს თავისუფლებას... უნდა ავირჩიო ორიდან ერთი - უარი ვთქვა საკუთარ სურვილებზე და დავრჩე თავის უფალი, ან საკუთარ თავზე მაღლა დავაყენო ჩემივე სურვილები და ვემსახურო მათ...
მე თავისუფალი ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ... თავის უფალი ვარ!!!
მე თავისუფალი ვარ და რასაც მინდა იმას ჩავიცვამ, თუნდაც სულ გავიხდი და ისე ვივლი! ...ძონძების ტყვე გავხდი, თანაც იმდენად, რომ მათ ჩემი გუნება-განწყობილების შეცვლაც კი შეუძლიათ და ზოგჯერ წარმატება-წარუმატებლობასაც კი მათ მივაწერ...
მე თავისუფალი ვარ და გართობა მიყვარს - კიდეც მოვწევ, კიდეც დავლევ, ნარკოტიკსაც „გავუსინჯავ გემოს“! ...მერე ჩემს „დასახმარებლად“ აქციებს გამართავენ, რადგან მე ვიქნები რისკის ჯგუფის ადამიანი - სიგარეტდამოკიდებული, სასმელდამოკიდებული, ნარკოტიკდამოკიდებული... თამბაქოს, სასმელს, ნარკოტიკს წაუღია ჩემი თავისუფლება...
მე თავისუფალი ვარ და იმას გიწოდებთ, რაც მინდა, ისე მოგაყენებთ შეურაცხყოფას, როგორც მინდა! შეგაგინეთ? რა მოხდა მერე? განა საკუთარ თავს არ ვაგინებ, თუ გგონიათ დედა თქვენზე ნაკლებად მიყვარს? ...სიტყვებსაც კი ჩემზე დიდი ძალა ჰქონია და თავს ვერ ვიკავებ, თუ ყოველ წინადადებაში არ ვახსენე “ჩემი დედა..“, თუ ქუჩაში ხმამაღლა და ყველას გასაგონად არ ვიყვირე მრავალფეროვანი ბილწი სიტყვები... რა ვქნა? უკვე ჩვევად მექცა, ჩვევის ბრალია, თორემ მე თავისუფალი ვარ..
მე თავისუფალი ვარ და მასთან მექნება სექსი, ვისთანაც მინდა, სადაც მინდა და რამდენჯერაც მინდა! ...საკუთარი გენიტალიის მონობაში ამოვყავი თავი. ჰორმონების და სხეულის მოთხოვნილებები მაიძულებს ასე მოვიქცე, თორემ მე თავისუფალი ვარ..
მე თავისუფალი ვარ და არ ვცნობ სხვების მოგონილ კანონებს, მორალს და რელიგიურ დოგმებს, რომლებიც ცდილობენ მასწავლონ თავის ფლობა. ვემონები მხოლოდ საკუთარ ვნებებს, ჩვევებს, ამბიციებს, კომპლექსებს, სურვილებს, ჰორმონებს, ორგანოებს და სხვა მრავალ უსულო ნივთს თუ ობიექტს.. და რაც მთავარია, 21-ე საუკუნეს, რომელიც ყველა ჩემს ნაბიჯს აკრიტიკებს; რომელიც გასაქანს არ მაძლევს, მუდამ თან მდევს აჩრდილივით და მაიძულებს ყველგან და ყველაფერში მახსოვდეს, რომ ის არსებობს და თუ არ ვიქნები მისი აქტიური მიმდევარი, მაშინ მე გამთელავენ, ჩამქოლავენ, შემიგინებენ და წამართმევენ ყველაფერ წმინდას და ძვირფასს..
ვარ მე თავისუფალი (თავის უფალი)?!...
25/08/2014
No comments :
Post a Comment