13/05/2017

ყველაზე უჩვეულო ფორმისა და ფერის მოლუსკები - შიშველლაყუჩიანები

     შიშველლაყუჩიანი მოლუსკები ზღვის მუცელფეხიანი მოლუსკების ერთ-ერთ რიგს წარმოადგენს, რომლებიც უმეტესად ოკეანეებისა და ზღვების ტროპიკულ თბილ წყლებში გვხვდება, თუმცა ზოგიერთ სახეობას შეიძლება პოლარულ რეგიონშიც გადააწყდეთ. 
    მათი სხეულის აგებულების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ არ აქვთ ნიჟარა და კარგად გამოხატული მანტია. ზოგიერთ სახეობას საერთოდ არ აქვს ლაყუჩები და კანით სუნთქავს, ზოგს კი ლაყუჩები აქვს, თუმცა არც ისინია ნამდვილი, არამედ მათ როლს ასრულებს გვერდებზე ან ზურგის კანზე არსებული სხვადასხვა ფორმის გამონაზარდები.
     შიშველლაყუჩიანები ყურადღებას იქცევენ თავიანთი დიდი მრავალფეროვნებით, რაც გამოიხატება:
1) სხეულის ფორმაში - დაწყებული - ჭიისებრით, დამთავრებული - სფერულით, ან სრულიად გაურკვეველი ფორმით.
2) სხეულის ზედაპირში - ზოგი - გლუვია, ზოგი - ხორკლებიანი, ზოგი - გამონაზარდებით დაფარული და ა.შ.
3) სხეულის ფერსა და მოხატულობაში - შეიძლება იყოს გამჭვირვალე, გარემოსთან შეხამებული, თეთრი, ლურჯი, ყავისფერი, წითელი, ყვითელი, მწვანე, იისფერი, ზოლებიანი, სფეროსებრი ლაქებით და სხვ.
კანიბალიზმი
მეცნიერთა აზრით, შიშველლაყუჩიანი მოლუსკის ფერს ზოგჯერ მისი საკვები რაციონი განსაზღვრავს, მაგალითად, თუ მოლუსკი ღრუბელებით იკვებება - ის წითელია, თუ მედუზებს ჭამს - ლურჯი. ისინი იკვებებიან მცირე ზომის ორგანიზმებით, რომლებიც ნელა მოძრაობენ წყალში ან სრულიად უძრავია. მაგალითად, აქტინიებით, ღრუბელებით, სხვა მოლუსკების კვერცხებით, მჯდომარე მედუზებით; დაფიქსირებულია კანიბალიზმის შემთხვევებიც. ზოგიერთ მათგანს კვებაში ვიწრო სპეციალიზაცია ახასიათებს და მხოლოდ გარკვეული ბიოლოგიური ჯგუფის ცხოველებს ჭამს.
     როგორც ხედავთ, შიშველლაყუჩიანი მოლუსკების რაციონში მრავალი შხამიანი ცხოველი შედის, თუმცა ისინი ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულები არიან, რადგან მათ ისწავლეს არა მარტო შხამისგან და მსხვერპლის მსუსხავი ძაფებისგან თავდაცვა, არამედ მათ თავიანთ სასარგებლოდ გამოყენებაც კი. კერძოდ, მსუსხავი ძაფები არ მოინელება და საბოლოოდ კანის გამონაზარდებში გროვდება, ხოლო გლუვზედაპირიან მოლუსკებში (რომელთაც ასეთი გამონაზარდები არ აქვთ) მსხვერპლის შხამი კანის ლორწოში აკუმულირდება და მტაცებელი თევზებისგან იცავს მოლუსკს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სახეობა შხამს დამოუკიდებლადაც გამოიმუშავებს სხეულში.
ყვითელი „ლენტი“ კვერცხების გროვაა
     შიშველლაყუჩიანი მოლუსკები ეულად ცხოვრობენ და სიცოცხლის მანძილზე თითქმის გაუჩერებლად გადაადგილდებიან საკვების ძიებაში, თუმცა იმის გამო, რომ ძალიან ნელა მოძრაობენ, თავიანთ თავდაპირველ საცხოვრებელს დიდ მანძილზე მაინც ვერ შორდებიან.
   ზემოთ აღნიშნული მოლუსკების ყველა წარმომადგენელი ჰერმაფროდიტია, ანუ აქვს როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სასქესო ორგანოები. გამრავლების სეზონი გამოხატული არ არი. თუ ინდივიდის სხეულში მომწიფდა კვერცხუჯრედი და სპერმა, ის ეძებს იმავე მდგომარეობაში მყოფ თანამოძმეს და ორივე ანაყოფირებს ერთმანეთს. კვერცხიდან გამოჩეკილი ლარვა სრულიად ჰგავს ზრდასრულს და მხოლოდ ზომაში ჩამორჩება მათ და თუ უფროსებისგან შეჭმას გადაურჩა, ისიც სწრაფად იზრდება.




No comments :

Post a Comment