22/04/2017

მერცხლისკუდა წითელფეხებიანი მანაკინი

     ლურჯი, ანუ მერცხლისკუდა წითელფეხებიანი მანაკინი (Chiroxiphia caudata) - პიპრასებრთა (Pipridae) ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ატლანტის ოკეანისპირა ტროპიკულ ტყეებში, კერძოდ, ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ, პარაგვაის აღმოსავლეთ და არგენტინის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
მამალი მანაკინი
დედალი მანაკინი
     მამალი გამოირჩევა კაშკაშა შეფერილობით, დედალი კი, რომელიც ბუდესაც თავად აკეთებს და კრუხობის შემდეგ ბარტყებსაც დამოუკიდებლად ზრდის, ერთფეროვანი მწვანეა, რათა მტრისთვის შეუმჩნეველი დარჩეს, თუმცა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის ის სულაც არ არის ძნელადშესამჩნევი და როგორც კი ტოტზე ჩამოჯდება, მის გარშემო მაშინვე თავს იყრიან მოცეკვავე კოპწია მამლები.
     მერცხლისკუდა წითელფეხებიანი მანაკინი სხვადასხვა ხილით იკვებება, რომლითაც განსაკუთრებით მდიდარია ატლანტის ოკეანისპირა ტყე. საკვების სიუხვე და ხელმისაწვდომობა საშუალებას აძლევს ამ ფრინველს დღის განმავლობაში დიდი დრო დაუთმოს ცეკვას, რაც ე.წ. „საქორწინო რიტუალის“ აუცილებელი კომპონენტია.
დედლის წინაშე მოცეკვავე მამლები
     მონათესავე (და ასევე, არამონათესავე) მამრები პატარა ჯგუფებს ქმნიან,  რომლის შიგნითაც მკაცრ იერარქიას იცავენ. ალფა-მამრი, ჩვეულებრივ, ყველაზე ასაკოვანია და დედალთან შეწყვილების შანსი, მხოლოდ მას აქვს, დანარჩენები კი მხოლოდ „გულშემატკივრები“ არიან. მაშ, რატომღა ცეკვავენ ერთად, თუ ჯგუფის სხვა წევრებს წარმატების იმედი არ აქვთ? მათ არჩევანი არ აქვთ, რადგან დედალი არ შეეჯვარება მარტოულ მოცეკვავეს. ამგვარად, ყველა ახალგაზრდა მამრი უნდა შეუერთდეს ამა თუ იმ გუნდს, კარგად დახელოვნდეს ცეკვაში და მოთმინებით დაელოდოს თავის რიგს. შეიძლება ათეულობით წელი გავიდეს, ვიდრე ის ალფა-მამალი გახდება. წარმოგიდგენიათ, ამ ხნის მანძილზე რამდენ ცეკვას შეასრულებს? საინტერესოა ისიც, რომ ცეკვის დაწყებისა და დასრულების მინიშნებასაც ალფა-მამრი გასცემს.


ვიდეოს ავტორი - J.R. Tonon

     მერცხლისკუდა წითელფეხებიანი მანაკინების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ფილმში Jewels of the Jungle.


No comments :

Post a Comment