01/11/2014

ლეგენდა მეფე დავითის მიერ მეფე სოლომონისადმი დატოვებული ანდერძის შესახებ


    ...როდესაც მოახლოვდა მეფე დავითის სიკვდილის ჟამი, მან მოუხმო თავის ვაჟს, მომავალ მეფეს - სოლომონს.
   - შენ მრავალ ქვეყანაში იმოგზაურე და შეხვდი სხვადასხვა ხალხს, - უთხრა მეფე დავითმა, - რა წარმოდგენა შეგექმნა სამყაროზე?
   - სამყაროს შესახებ საშინელი წარმოდგენა მაქვს, - უპასუხა სოლომონმა, - ყველგან, სადაც კი ვიყავი, მეფობს უსამართლობა, სიბრიყვე, ბოროტება და უბედურება. მე არ ვიცი, რატომ არის სამყარო ამგვარად მოწყობილი, მაგრამ მსურს, მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვნა სამართლიანობისთვის, სიკეთისთვის, სიბრძნისა და ბედნიერებისთვის ბრძოლას.
    - მართალი ხარ, მაგრამ ამ ყველაფრისთვის რომ იბრძოლო, საჭიროა იცოდე, რას წარმოადგენს თითოეული მათგანი. გაქვს კი შენ ეს ცოდნა?
    - არა, ასეთი ცოდნა მე არ მაქვს.
    - მაშინ ყურადღებით მოისმინე, რასაც ახლა მოგიყვები:
   „დიდი ხნის წინ, როცა სამყარო ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, დედამიწაზე ერთადერთი ერი ცხოვრობდა, რომელსაც ბრძენი მეფე მართავდა. მას ოთხი ვაჟი ჰყავდა, ოთხი მემკვიდრე. როდესაც მეფემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, მოუხმო თავის ვაჟებს და უანდერძა მათ, რომ ხალხისთვის მოეტანათ სამართლიანობა, სიბრძნე, სიკეთე და ბედნიერება., მაგრამ, შენს მსგავსად, არც მათ ჰქონდათ ცოდნა თითოეული ამ ცნების შესახებ. მაშინ მეფემ უბრძანა თავის ვაჟებს, კარგად დაემახსოვრებინათ შემდეგი:
   უსამართლობა იშვება იმის გამო, რომ ადამიანი სამყაროს უყურებს თავისი სიმპათიებით და ანტიპათიებით, რაც ხელს უშლის განიხილოს იგი ობიექტურად, მიუკერძოებლად. სამართლიანი რომ გახდე, ამისთვის საჭიროა, მოიქცე ყოველთვის ისე, თითქოს სამყარო არსებობს, შენ კი - არა. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის სამართლიანი, როდესაც ის სამყაროს არსებობას უყურებს თავისი არარსებობიდან. „სამყარო არსებობს, მე კი - არა!“ - მხოლოდ ეს პრინციპი შეიძლება იყოს სამართლიანი ფიქრებისა და ქმედებების საფუძველი.
  სიბრიყვე იშვება იმის გამო, რომ ადამიანს, რომელმაც იცის რთული და მრავალფეროვანი სამყაროს მხოლოდ მწირი ნაწილი, ეს თავისი უბადრუკი ცოდნა გადააქვს იმაზე, რაც მისთვის უხილავია. შეუძლებელია უკიდეგანო უხილავი ზღვის ამოხაპვა, ამიტომ სამყაროს შესახებ ცოდნის გაფართოებისკენ სწრაფვით სიბრძნეს ვერ მიაღწევ. ბრძენია ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს არა სამყაროში, არამედ საკუთარ თავში. „ვარსებობ მე, ხოლო სამყარო - არა!“ - ეს არის პრინციპი, რომელსაც მისდევს ყველა ბრძენი.
      ბოროტება იშვება იმის გამო, რომ ადამიანი უპირისპირდება სამყაროს, ისწრაფვის თავისი მიზნების მიღწევისკენ, ერევა მოვლენათა ბუნებრივ მსვლელობაში და ცდილობს, დაუქვემდებაროს ისინი საკუთარ ნებას. რაც მეტი ადამიანი ცდილობს სამყაროზე გამეფებას, მით მეტად ეწინააღმდეგება ამას სამყარო და ბოროტება შობს ბოროტებას. კეთილია ის, ვინც ისწრაფვის არა ბატონობისკენ, არამედ ვინც ცდილობს იმოქმედოს სამყაროში არსებული წესრიგის შესაბამისად. „სამყაროც არსებობს და მეც ვარსებობ, მაგრამ მე ვისწრაფვი კი არ დავუპირისპირდე სამყაროს, არამედ შევერწყა მას!“ - ეს არის ნებისმიერი კეთილი საქმის ძირითადი პრინციპი.
      უბედურება იშვება იმის გამო, რომ ადამიანს რაღაც არ ჰყოფნის და რაც უფრო მეტად არ ჰყოფნის, მით მეტად უბედურია ის. რამდენადაც ადამიანს ყოველთვის აკლია რაღაც, ამიტომ თავისი მიზნის მიღწევის გზაზე სიარულით, ის მხოლოდ გადადის დიდი უბედურებიდან მცირეში. ბედნიერია ის ადამიანი, რომლის შიგნითაც არის მოქცეული მთელი სამყარო, ამიტომ შეუძლებელია მას რაიმე აკლდეს. „სამყაროც არსებობს და მეც ვარსებობ, მთელი სამყარო ჩემშია გახსნილი!“ - აი, ბედნიერების ფორმულა.
    როცა მეფე გარდაიცვალა, მისმა მემკვიდრეებმა, აღმოაჩინეს, რომ სამართლიანობის, სიბრძნის, სიკეთისა და ბედნიერების ფორმულები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ამიტომ გადაწყვიტეს ასე მოქცეულიყვნენ: მათ სამეფო გაყვეს 4 თანაბარ ნაწილად. თითოეული გამეფდა თავის წილ სამეფოში და მოჰქონდა თავისი ხალხისთვის ან სამართლიანობა, ან სიბრძნე, ან სიკეთე, ან ბედნიერება. შედეგად და გაჩნდა: სამართლიანი ერი, ბრძენი ერი, კეთილი ერი და ბედნიერი ერი.
     გავიდა დრო და ერები შეერივნენ ერთმანეთს. 
  • სამართლიანმა ერმა მხოლოდ ის იცოდა, თუ რა იყო სამართლიანობა, მაგრამ არ იცოდა რა იყო სიბრძნე, სიკეთე და ბედნიერება. ამიტომ მათ სამყაროში გააჩინეს სიბრიყვე, ბოროტება და უბედურება;
  • ბრძენმა ერმა სამყაროში გააჩინა უსამართლობა, ბოროტება და უბედურება;
  • კეთილმა ერმა გააჩინა უსამართლობა, სიბრიყვე და უბედურება;
  • ბედნიერმა ერმა გააჩინა უსამართლობა, სიბრიყვე და ბოროტება.“

   - ყველაფერი გავიგე, - თქვა სოლომონმა, - მეფის ვაჟებმა შეცდომა დაუშვეს, მათ თავიანთი ერისთვის ერთად უნდა ესწავლებინათ სამართლიანობაც, სიკეთეც, სიბრძნეც და ბედნიერებაც. მე არ გავიმეორებ მათ შეცდომას და ამ ყველაფერს სამყაროში შემოვიტან არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად.
   - მაგრამ შენ გავიწყდება, სოლომონ, - უთხრა დავით მეფემ, - რომ სამყარო შეუქცევადად შეიცვალა, უკვე აღარ არსებობს აღარც ერთიანი სამეფო, აღარც ერთიანი მმართველი. გარდა ამისა, უსამართლობამ, სიბრიყვემ, ბოროტებამ და უბედურებამ შობა შიში. ამიტომ ამ ნაკლოვანებების დაძლევითაც კი შენ ვერ შეძლებ შიშის აღმოფხვრას.
  - შიშის დასაძლევად უშიშარი უნდა გავხდე? კი მაგრამ, რას ნიშნავს იყო უშიშარი?
  - სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რამის ეშინია, მაგრამ ყოველგვარი შიში ერთიანდება 2 ტიპად:

  1. ბედნიერებაში მყოფ ადამიანებს ეშინიათ სიკვდილის.
  2. მწუხარებაში მყოფ ადამიანებს ეშინიათ უკვდავების.
უშიშარია ის, ვინც იცის როგორც ბედნიერების, ისე - მწუხარების ფასი და არ ეშინია არც სიკვდილის, არც - უკვდავების.
  დიდი ხნის წინ ცხოვრობდა მეფე სოლომონი, მაგრამ ხალხს დღემდე ახსოვს იგი. მას უწოდებდნენ სამართლიანსაც, ბრძენსაც, კეთილსაც და ბედნიერსაც. მან შეძლო და მოიპოვა ამ ყველაფერზე უფრო მეტი - გახდა უშიშარი...




No comments :

Post a Comment