წყალი ჩვენს სხეულში ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა, თუმცა მისი რაოდენობა მუდმივი არ არის და ასაკთან ერთად მკვეთრად იცვლება.
წყლის შემცველობა ასაკობრივად:
- ნაყოფი - 90%
- ახალშობილი - 80%
- მოზარდი - 70%
- ზრდასრული - 60-65%
- ხანდაზმული - 50-55%
საინტერესოა, როგორ არის გადანაწილებული წყალი სხეულის სხვადასხვა ნაწილში?
- სისხლში - 92% (ყველაზე მეტია)
- კუნთები - 77%
- შინაგანი ორგანოები - 87%
- ძვლები - 22% (ყველაზე ცოტაა)
ასაკთან ერთად ადამიანის ორგანიზმში წყლის რაოდენობის შემცირება უჯრედულ და გენეტიკურ დონეზე მიმდინარე პროგრამირებული პროცესია. მას თან ერთვის ორგანიზმის სტრუქტურულ-ფიზიოლოგიური ცვლილები და საბოლოო ჯამში, იცვლება მთელი სხეულის ჰიდროდინამიკა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
- გენების ექსპრესიის ბლოკირება - ორგანიზმის მიერ წყლის ბალანსის რეგულირება კონკრეტული გენების აქტივობით იმართება. ნეირობიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ გენეტიკური „ბრძანებები“, რომლებიც სხეულს წყლის შენარჩუნებაში ეხმარება, დროთა განმავლობაში ფერხდება.
- აკვაპორინების ფუნქციის დაქვეითება - აკვაპორინები სპეციალური არხებია უჯრედის მემბრანაში, რომლებიც წყლის მოლეკულებს უჯრედში შესვლასა და მისგან გამოსვლაში ეხმარება. კვლევებმა აჩვენა, რომ დაბერების პროცესში აკვაპორინების რაოდენობა და ფუნქცია მცირდება, რის გამოც უჯრედები კარგავენ წყლის ეფექტიანად ტრანსპორტირებისა და უჯრედის შიგნით შენარჩუნების უნარს.
- უჯრედის მემბრანის დაბერება - ორგანიზმში წყლის უდიდესი ნაწილი სწორედ უჯრედების შიგნით მდებარეობს. დაბერებისას უჯრედის მემბრანაში იცვლება ლიპიდებისა და ქოლესტერინის ბალანსი. მემბრანა ხდება უფრო მკვრივი და ნაკლებად შეღწევადი. ეს იწვევს უჯრედშიდა სითხის კლებას.
- მიტოქონდრიების დეგრადაცია და მეტაბოლური წყლის კლება - უჯრედებში არსებული მიტოქონდრიები გლუკოზის დაწვისას ე.წ. მეტაბოლურ წყალს აწარმოებენ. ასაკთან ერთად, მიტოქონდრიების ფუნქცია სუსტდება და მათი რაოდენობაც იკლებს, რაც ამცირებს წყლის წარმოქმნას.
- „თავისუფალი“ და „ბმული“ წყლის თანაფარდობის ცვლილება - ადამიანის ორგანიზმში ორგვარი წყალია: თავისუფალი (რომელიც ცირკულირებს სისხლსა და ლიმფაში) და ბმული (რომელიც ქიმიურად არის დაკავშირებული სხვადასხვა ნივთიერებებთან). მეტაბოლიზმის შენელების გამო ორგანიზმში იკლებს ბმული წყლის მოცულობა.
- ქსოვილების თვისებების შეცვლა - სხეულში იკლებს ჰიალურონის მჟავისა და კოლაგენის რაოდენობა, რომლებიც იწოვენ და აკავებენ წყალს.
- სისხლის გასქელება - ასაკთან ერთად სისხლის პლაზმაში იმატებს მინერალური მარილების კონცენტრაცია. ფიზიოლოგიური კვლევების თანახმად, ეს იწვევს უჯრედებიდან წყლის გამოდევნას უჯრედშორის სივრცეში, საიდანაც ორგანიზმი წყალს უფრო ადვილად კარგავს.
- ბარორეცეპტორების მგრძნობელობის დაქვეითება - ჩვენს სისხლძარღვებში არსებობს ბარორეცეპტორები, რომლებიც საზღვრავენ სისხლის მოცულობასა და წნევას. წყლის რაოდენობის შემცირებისას სისხლის მოცულობაც მცირდება და შესაბამისად, ბარორეცეპტორები ტვინს უგზავნიან სიგნალს ამის შესახებ. ასაკთან ერთად აღნიშნული „სენსორები“ კარგავენ მგრძნობელობას, რის გამოც ვეღარ რეაგირებენ სითხის დანაკარგზე.
- კაპილარების დეგრადაცია - დაბერების პროცესში კაპილარები განიცდის დეგრადაციას და მათი რაოდენობა მცირდება, რაც ხელს უშლის ქსოვილებსა და უჯრედებამდე სისხლის (და შესაბამისად, წყლის) მიწოდებას. შედეგად, პერიფერიული ქსოვილები თანდათან შრება.
- ჰორმონალური ცვლილებები - იკლებს იმ ჰორმონების (ვაზოპრესინი, ალდოსტერონი) გამომუშავება და მათზე მგრძნობელობა, რომლებიც აიძულებენ თირკმელებს წყლის შენარჩუნებას.
- წყურვილის შეგრძნების შესუსტება - ტვინის რეცეპტორები ნაკლებად მგრძნობიარე ხდება წყურვილის შეგრძნების მიმართ, რის გამოც ადამიანი ვეღარ გრძნობს, როდის სჭირდება მის სხეულს წყალი.
- კუნთოვანი მასის შემცირება და ცხიმის მატება - კუნთები ბევრ წყალს შეიცავს, ცხიმი კი - თითქმის არა.
- კანიდან წყლის ფარული აორთქლება - მცირდება კანის დამცავი ბარიერი, რის გამოც სხეულის ზედაპირიდან ფარულად უფრო მეტი წყალი ორთქლდება.
- თერმორეგულაციის მექანიზმის დარღვევა - ხანდაზმული ორგანიზმი კარგავს ტემპერატურის ცვლილებაზე ზუსტი რეაგირების უნარს. შედეგად სხეულმა შეიძლება ისე დაკარგოს წყალი, რომ ადამიანმა ვერ შეამჩნიოს და ვერც წყურვილის სიგნალი მიიღოს დროულად.
როგორც ჩანს, ბუნებას საკმაოდ ბევრი მექანიზმი აქვს ჩართული, რომელთა წყალობით ასაკთან ერთად ჩვენს სხეულის ნელ-ნელა „აშრობს“.

No comments :
Post a Comment