06/08/2026

,,Spider-goats“, ანუ „ობობა-თხები“

ტრანსგენური „ობობა-თხები“ გენური ინჟინერიისა და ბიოტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია. ისინი იწველიან რძეს, რომელიც შეიცავს ობობას აბლაბუდის ცილას - სპიდროინს.

ცილა სპიდროინი ფიბროინების (აბრეშუმის ცილები) ოჯახს მიეკუთვნება და როგორც აღმოჩნდა, ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ამავე დროს, ელასტიური მასალაა.

ობობებისგან ცილა სპიდროინის დიდი რაოდენობით მიღება ძალიან რთულია, რადგან ისინი ტერიტორიული და კანიბალი ცხოველები არიან. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად კანადურმა კომპანია Nexia Biotechnologies-მა პროფესორ რენდი ლუისის ხელმძღვანელობით 2000-იანი წლების დასაწყისში შექმნა გენმოდიფიცირებული თხები - ობობის დნმ-ის ის სეგმენტი, რომელიც პასუხისმგებელია სპიდროინის სინთეზზე, შეიყვანეს თხის ემბრიონში. გენი ისე დააპროგრამეს, რომ ის თხის სხეულში მხოლოდ სარძევე ჯირკვლებში აქტიურდება. ტრანსგენური თხები გარეგნულად, ქცევით ან ჯანმრთელობით სრულიად არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი თხებისგან, განსხვავება მხოლოდ მათ რძეშია.

ალბათ, იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც თხა?
როგორც აღმოჩნდა, თხის მიერ რძის ცილის წარმოქმნისა და გამოყოფის ბიოლოგიური მექანიზმი ძალიან ჰგავს ობობას მიერ აბლაბუდის გამომუშავების პროცესს. გარდა ამისა, ბაქტერიებთან შედარებით, თხას გაცილებით დიდი რაოდენობით შეუძლია ზემოთ აღნიშნული ცილის წარმოება დროის მოკლე მონაკვეთში.

თხებისგან რძის მიღების შემდეგ მისგან ცილას გამოყოფენ ლაბორატორიულ პირობებში და ართავენ ძაფს, რომელსაც ბიოფოლადი (BioSteel) უწოდეს.

რისთვის იყენებენ ობობას აბლაბუდის ცილას?

  • მედიცინაში - მას იყენებენ ხელოვნური იოგებისა და მყესების დასამზადებლად, თვალის ქირურგიასა და კანის გადანერგვაში.
  • სამხედრო სფეროში - მისგან ამზადებენ მსუბუქ ტყვიაგაუმტარ ჯავშანჟილეტებს, პარაშუტის თოკებს.
  • მრეწველობაში - მას იყენებენ მაღალი გამძლეობის სპორტული ინვენტარისა და აეროკოსმოსური დეტალების დასამზადებლად.

აღსანიშნავია, რომ უნიკალური ტრანსგენური თხების ფარა მისი შემქმნელი კანადური კომპანიის გაკოტრების შემდეგ 2011 წელს პროფესორმა რენდი ლუისმა იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტის საცდელ ფერმაში გადაიყვანა და კვლევები იქ გააგრძელა.

დღეისათვის ცილა სპიდროინის მისაღებად ასევე იყენებენ მცენარეებს (თამბაქოს, ბრინჯს, იონჯას) და საფუარა სოკოს, რაც ბევრად იაფი ჯდება.



No comments :

Post a Comment