10/06/2023

ვირტუალური კვლევა - „ადაპტაცია პოპულაციისათვის“

 ბიოლოგიის საგნის სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეებისათვის რომ უფრო საინტერესო და ადვილად აღქმადი იყოს, საჭიროა ხშირად შევთავაზოთ მათ ცდები და კვლევითი აქტივობები. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარება სასკოლო სივრცეში შეუძლებელია მაშინაც კი, როცა სკოლა აღჭურვილია შესაბამისი ლაბორატორიით. ასეთ დროს მასწავლებელს შეიძლება კარგი დახმარება გაუწიოს ვირტუალური ლაბორატორიების პლატფორმამ - https://www.golabz.eu/

     ქვემოთ მოცემულია ჩემ მიერ შექმნილი კვლევითი სასწავლო სივრცე სახელწოდებით - „ადაპტაცია პოპულაციისათვის“ (მის დასათვალიერებლად, საწყის გვერდზე სახელის ველში შეიყვანეთ თქვენი სახელი, ნებისმიერ ენაზე).

     იგი საშუალებას აძლევს მე-9 კლასის მოსწავლეებს ეკოლოგიის საკითხების შესწავლისას ვირტუალური ექსპერიმენტის საშუალებით დააკვირდნენ გარემოსთან ცხოველის შეფერილობის ადაპტაციას ირმის თაგვების მაგალითზე.

     კვლევითი სასწავლო სივრცე რამდენიმე განყოფილებისაგან შედგება და ესენია:

  • შესავალი (რომელშიც მოცემულია ზოგადი ინფორმაცია შესასწავლი ობიექტის შესახებ და დასმულია საკვლევი შეკითხვა);
  • ექსპერიმენტი (სადაც მოსწავლეს შეუძლია გამოთქვას ჰიპოთეზა საკვლევ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ასევე, მოცემულია ინსტრუქცია ვირტუალურ ლაბორატორიაში სამუშაო და ყველა დეტალი, რომელიც ამ დროს უნდა გაითვალისწინოს მოსწავლემ);
  • ანალიზი და დასკვნა (რომელშიც მოსწავლე უნდა დაფიქრდეს და უპასუხოს შეკითხვებს ექსპერიმენტის გარშემო);
  • განზოგადება (სადაც დამატებითი კითხვები საშუალებას აძლევს მოსწავლეს გაიხსენოს სხვა თემებიც, რომლებსაც კავშირი აქვს შესასწავლ საკითხთან);
  • კვლევის ანგარიში (რომელშიც მოსწავლე თავად ავსებს თავისუფალ ველებს და სწავლობს კვლევის ანგარიშის წერას, რაც მას გამოადგება მომავალში ექსპერიმენტის არა მარტო ვირტუალურ, არამედ რეალურ პირობებში ჩატარები შემთხვევაშიც).
     მოცემული სასწავლო რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას საკლასო სივრცეში ახალი მასალის გადაცემის პროცესში, ასევე, კომპლექსური დავალების სახით მოსწავლეების მხრიდან დამოუკიდებელი მუშაობისათვის.



No comments :

Post a Comment