21/06/2024

ერთი მასწავლებლის ოლიმპიადა


სასწავლო წელი უკვე დასრულდა და ზაფხულის არდადეგებიც დაიწყო, თუმცა მასწავლებლის ფიქრები ისევ სიახლის ძიებისკენ არის მიმართული, ახალ სასწავლო წელს რომ უნდა შესთავაზოს თავის მოსწავლეებს. იქნებ ამ ძიების პროცესში დაგეხმაროთ ჩემი გამოცდილების გაზიარებით საგნობრივი სასკოლო ოლიმპიადის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც, დამერწმუნეთ, კოლეგებისა და დირექციის მხრიდანაც დადებით შეფასებას დაიმსახურებს და რაც მთავარია, მოსწავლეებში გამოიწვევს თქვენი საგნისადმი ინტერესისა და სწავლის მოტივაციის მნიშვნელოვნად გაზრდას.

რით არის საინტერესო აღნიშნული აქტივობა?

·        ოლიმპიადაში მონაწილეობით იზრდება სწავლისადმი მოსწავლის მოტივაცია;

·        ხდება თქვენი საგნის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

·        მოსწავლე იძენს არა მარტო საგნობრივ ოლიმპიადებზე, არამედ გამოცდებზე საჭირო ბაზისურ უნარ-ჩვევებსაც;

·        იზრდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებით მოსწავლეთა დაინტერესება;

·        უმჯობესდება კოლეგებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობა, თუ ისინიც გამოხატავენ ოლიმპიადაში ჩართვის სურვილს.

საგნობრივი სასკოლო ოლიმპიადის დაგეგმვა და ჩატარება მასწავლებლისგან  სრულებით არ მოითხოვს ბევრად მეტ დროსა და ძალისხმევას, ვიდრე ეს შემაჯამებლისთვის მზადებას ან თუნდაც ერთი კარგი გაკვეთილის ჩატარებას სჭირდება. შედეგად კი იღებთ დადებით ემოციებს მოსწავლეებისა და მშობლებისაგან, იზრდება თქვენ შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის სიხშირე და ხდებით თქვენი მოსწავლეების წარმატების თანაზიარი, რაც, ალბათ, ყველა მასწავლებლის მიზანია.

რით დავიწყოთ?

I ეტაპი - დაგეგმვა

საწყის ეტაპზე მოგიწევთ დაფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე:

·      როდის ჩავატარო ოლიმპიადა? - მე ოლიმპიადა მაისის თვეში ჩავატარე და ვფიქრობ, ეს პერიოდი საუკეთესოა, რადგან  მოსწავლეებს ძირითადად უკვე ათვისებული აქვთ საგნის როგორც თეორიული მხარე, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევები და საშუალება ეძლევათ კიდევ ერთხელ შეამოწმონ მათი სიმყარე. ასევე, მოსაფიქრებელია ზუსტი დროც - ეს იქნება გაკვეთილების შემდგომი დრო, შაბათი დღე, თუ უბრალოდ ერთი სასწავლო დღის 2 გაკვეთილი (სავარაუდოდ, თქვენთვისაც ბოლო ვერსია უფრო მისაღები აღმოჩნდება, რადგან მოსწავლეებს ამა თუ იმ მიზეზის გამო უჭირთ გაკვეთილების შემდეგ სკოლაში დარჩენა).

·      რომელ კლასში ჩავატარო? - პირველ ჯერზე გადავწყვიტე ოლიმპიადის სამიზნე ჯგუფად მხოლოდ მე-7 კლასი შემერჩია, რადგან ბიოლოგია (როგორც ცალკე საგანი) წელს დაიწყეს და საგნის პოპულარიზაცია ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნიე. გარდა ამისა, ოთხივე ჯგუფს თავად ვასწავლი და მოსწავლეთა მობილიზებაც მარტივად შევძელი.

·      დამოუკიდებლად ჩავატარო თუ კოლეგასთან ერთად? - თუ კოლეგებს დროის დეფიციტი აქვთ, უმჯობესია, ეს აქტივობა მარტომ განახორციელოთ, რაც მეტ თავისუფლებას მოგანიჭებთ გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოლიმპიადის ჩატარების დღეს დამხმარეებიც აუცილებლად დაგჭირდებათ. ამ მიზნით ჩვენი სკოლის მე-10 კლასის რამდენიმე მოსწავლეს მივმართე, რომელთაც ხალისით და პასუხისმგებლობით შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები.

·      რამდენ ეტაპად ჩავატარო? - ვფიქრობ, ორი ტური (მაქსიმუმ ორ კვირიანი შუალედით) ოპტიმალური გამოდგა, რადგან ოლიმპიადა დროში არ გაიწელა და მონაწილეებში  შეჯიბრის მუხტიც შენარჩუნდა.

·      რა სახის დავალებები გამოვიყენო? - გადავწყვიტე, თითოეული ტური ერთმანეთისგან განსხვავებული ყოფილიყო დავალებების ტიპის, სირთულისა და ქულათა ჯამური რაოდენობის მიხედვით: I ტურში მოსწავლეებს 45 წუთის განმავლობაში 30 დახურულ კითხვებზე აგებული (4 სავარაუდო პასუხის მქონე და თითოეული 1 ქულიანი) დავალების შესრულება ევალებოდათ, ხოლო II ტურში - ღია კითხვებზე აგებული 8 დავალებისა, ჯამური 15 ქულით (დავალებებს შორის ზოგიერთი იყო 1 ქულიანი, ზოგი  - 2 და 3 ქულიანი). ბუნებრივია, ორივე ტურში გამოყენებული დავალებები იყო საშუალო სირთულის და მოსწავლის მხრიდან მოითხოვდა დაფიქრებას, მსჯელობას და დასკვნის გასაგებად, თანმიმდევრულად გადმოცემას. დავალებებისა და პასუხების ფურცელები მოსწავლეებს შევთავაზე ცალ-ცალკე, რათა დავალებების ფურცლები მოსწავლეებს დარჩენოდათ, პასუხების ფურცლები კი - მე (იხ. დანართი 1).

·      როგორ გამოვავლინო გამარჯვებული მოსწავლეები? – II ტურში გადასულად ჩავთვალე მოსწავლეები, რომელთაც გადალახეს 50%-იანი ბარიერი, ხოლო საბოლოო გამარჯვებულად გამოცხადნენ II ტურის შედეგების რეიტინგში პირველ 3 ადგილზე გასული მოსწავლეები (აქვე უნდა გქონდეთ მოფიქრებული, როგორ მოიქცევით იმ შემთხვევაში თუ რომელიმე საპრიზო ადგილს 2 მოსწავლე ერთდროულად გაინაწილებს - მათ შორის დამატებით ტურს გამართავთ თუ ორივე გამარჯვებულად ჩაითვლება).

 

II ეტაპი - ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციის მიწოდება

ამ ეტაპზე მოგიწევთ თქვენი იდეა გააცნოთ სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს. დირექციისგან, ალბათ, სრული მხარდაჭერა გექნებათ, აი, მოსწავლეებთან კი შესაძლოა, ბევრად რთულად იყოს საქმე რამდენიმე მიზეზის გამო:

·      მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ცხოვრებაში სიტყვა „ოლიმპიადა“ უცხო არ არის, აღმოაჩენთ, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს მისი არსი არ ესმის.

·      მოსწავლეები, რომელთაგან მაღალ ჩართულობას ელით, შესაძლოა, საერთოდ არ დაინტერესდნენ და პირიქით, დაბალი ან საშუალო აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებმა უფრო გამოთქვან მონაწილეობის სურვილი (რა თქმა უნდა, უარს არავის ეუბნებით).

შეეცადეთ მოსწავლეებს მაქსიმალურად გასაგებად მიაწოდოთ ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ, მაგალითად, აუხსენით, რომ:

·      ოლიმპიადა არის მოსწავლეებს შორის სახალისო, ინდივიდუალური შეჯიბრი, სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და შეიძინოს მნიშვნელოვანი საგამოცდო პრაქტიკული უნარ-ჩვევები;

·      შედეგები არანაირ გავლენას არ მოახდენს მოსწავლის შეფასებაზე;

·      ნაშრომები და შედეგები არ გამოქვეყნდება საჯაროდ (გარდა გამარჯვებული მოსწავლეების შედეგებისა);

·      გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით;

·      გაიზრდება გამარჯვებული მოსწავლეების ცნობადობა სასკოლო სივრცეში, რასაც მოზარდები განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და სხვ.

 

III ეტაპი - ოლიმპიადის დღე

ამ დღის მთავარი საზრუნავია მოსწავლეებს შეუქმნათ მშვიდი, საქმიანი და კეთილგანწყობილი გარემო. მონაწილეებს სარეგისტრაციო მაგიდაზე დავულაგე დანომრილი ფურცლები გადაბრუნებულ პოზიციაში (იგივე ნომრები განვათავსე მერხებზე). ამგვარად, ყველა მონაწილე მერხთან განთავსდა შემთხვევითობის პრინციპით იმის მიხედვით, თუ რა ნომერი აიღო. ამით შევამცირე იმის ალბათობა, რომ  თანაჯგუფელები ან მეგობრები ერთმანეთის გვერდით დამსხდარიყვნენ. ამასთან, აღნიშნული ნომრები დაიწერა სარეგისტრაციო ფურცელსა და პასუხების ფურცლებზეც, რითაც მოხდა მონაწილეთა ნაშრომების კოდირება (ოლიმპიადის ორივე ტურის შემთხვევაში კოდები გაიშიფრა ნაშრომების გასწორების შემდეგ - ეს ზრდის შეფასების ობიექტურობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მაშინ, თუ ოლიმპიადის ორგანიზებაში 2 ან მეტი კოლეგა მიიღებს მონაწილეობას).

ამ ეტაპზე აუცილებელია:

·      წერის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ მოსწავლეთა კოდები (ნომრები);

·      დაფაზე ნიმუშის სახით გარკვევით აუხსნათ პასუხების ფურცლის შევსების წესი და ხაზგასმით აღნიშნოთ, რომ სხვაგვარად მინიშნებული პასუხები გაუქმდება (აქვე ასწავლეთ შეცდომის გასწორების მეთოდიც);

·      გააცნოთ გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენის წესი;

·      გააცნოთ ქცევის წესები, მათ შორის, ოლიმპიადიდან მოხსნის წინაპირობა, შეკითხვის დასმის წესი და სხვ.

·      თვალყური ადევნოთ, რომ მოსწავლეებმა იმუშაონ დამოუკიდებლად (აუცილებელია მობილურებისა და სხვა ზედმეტი ნივთების მოშორებით დალაგება).

 

IV ეტაპი - გამარჯვებულთა დაჯილდოება

თუ სკოლის ბიუჯეტში მსგავსი აქტივობისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული, ყოველთვის შეგიძლიათ მოსწავლეებისათვის გამოძებნოთ რაიმე სამახსოვრო საჩუქარი. მაგალითად, დიპლომი, წიგნი, ბლოკნოტი, სუვენირი და ა.შ.

შეეცადეთ დაჯილდოება ოლიმპიადის დასრულებიდან მალევე მოხდეს და მისცეთ მას ოფიციალური სახე. გახსოვდეთ, მოსწავლეები თითოეულ ჩვენს ნაბიჯს ყურადღებას აქცევენ, აფასებენ და ჩვენგან იღებენ არა მარტო საგნობრივ ცოდნას, არამედ ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც!

 

IV ეტაპი - მოსწავლეთა უკუკავშირი

ნებისმიერი სასწავლო აქტივობის დასასრულს, ალბათ, დამეთანხმებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მონაწილეთა  მხრიდან უკუკავშირის მიღება. მეც მოვუმზადე მოსწავლეებს მცირე კითხვარი ოლიმპიადის შესახებ. კითხვარი შეიძლება იყოს ონლაინ შესავსები ან ფურცელზე დაბეჭდილი. მე პირველი ვერსია ავირჩიე და სოციალური ქსელის მეშვეობით ოლიმპიადის ყველა მონაწილეს გავუზიარე Google Forms-ში მომზადებული კითხვარის ბმული (იხ. მოსწავლეთა უკუკავშირის კითხვარის Pdf ვერსია).

კითხვარის მომზადებისას, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი:

·      კითხვარი არ უნდა იყოს დამღლელი, რათა მოსწავლეებს არ დაეკარგოთ პასუხის გაცემის სურვილი;

·      მიეცით მეტი დახურული შეკითხვა სავარაუდო პასუხებით, თუმცა აუცილებელია ღია კითხვებიც საკუთარი მოსაზრების დასაფიქსირებლად;

·      კითხვარი შეადგინეთ ონლაინ, რათა მარტივად მიაწოდოთ მონაწილეებს ნებისმიერ დროს და მათაც ნებისმიერ დროს შეძლონ შევსება;

·      დაარწმუნეთ მონაწილეები კითხვარის ანონიმურობაში და შეეცადეთ მოიპოვოთ მათი ნდობა.

გულწრფელად გითხრათ, კითხვარზე უკეთესი უკუკავშირი იყო ჩემთვის მოსწავლეთა შეკითხვები - „მომავალ წელსაც ხომ ჩაატარებთ ოლიმპიადას?“ ან კიდევ - „თუ იცით, სხვა საგნებშიც ჩატარდება მსგავსი ოლიმპიადა?“ - თავად განსაჯეთ, რამდენად გაიზარდა მოსწავლეთა დაინტერესება და სასკოლო ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობა.

დანართი 1. (პასუხების ფურცელი I ტურისთვის)



 




No comments :

Post a Comment