27/10/2017

მართა ჩეიზი და ალფრედ ჰერში (რა ატარებს მემკვიდრულ ინფორმაციას - დნმ თუ ცილა?)

მართა ჩეიზი და ალფრედ ჰერში
     ალფრედ ჰერშისა და მართა ჩეიზის ექსპერმენტი (1952 წ.) ბიოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი კლასიკური ექსპერიმენტია, რომლითაც დამტკიცდა, რომ გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი არის დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა). მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ის არსებობის შესახებ 1869 წლიდან იყო ცნობილი, ჯერ კიდევ ითვლებოდა, რომ მემკვიდრული მასალა უჯრედში ცილის სახით ინახებოდა.
     ჰერში-ჩეიზის ექსპერიმენტი ჩატარდა ვირუსისა და ბაქტერიის გამოყენებით. კერძოდ, ეს ვირუსი იყო ბაქტერიოფაგი T2, რომლის სტრუქტურა იმ დროისათვის მეცნიერებს უკვე გარკვეული ჰქონდათ ელექტრონული მიკროსკოპიის საშუალებით. 


     ბაქტერიოფაგი T2 შედგება ცილოვანი გარსისაგან, რომლის შიგნით მოქცეულია დნმ.
     ექსპერიმენტის მიზანი იყო გაერკვიათ - ცილა იყო მემკვიდრული ინფორმაციის მატარებელი თუ დნმ.
     ჰერშმა და ჩეიზმა გამოზარდეს ბაქტერიების 2 ჯგუფი. პირველი ჯგუფი გაზარდეს გარემოში, რომელიც შეიცავდა რადიოაქტიურ ფოსფორს (ფოსფორი-32) ფოსფატ-იონის შემადგენლობაში. მეორე ჯგუფი გაზარდეს გარემოში, რომელიც შეიცავდა რადიოაქტიურ გოგირდს (გოგირდი-35) სულფატ-იონის შემადგენლობაში. ორივე ჯგუფს დაუმატეს ბაქტერიოფაგები, რომლებიც ასნებოვნებდნენ ბაქტერიებს და ამავე დროს იყენებდნენ მონიშნულ გოგირდსა და ფოსფორს თავიანთი ცილისა და დნმ-ის ასაგებად. გამომდინარე იქიდან, რომ ფოსფორი არის დნმ-ში, მაგრამ არ არის ცილაში, ხოლო გოგირდი არის ცილაში და არ არის დნმ-ში, ჰერშმა და ჩეიზმა მიიღეს ვირუსების 2 ჯგუფი: ერთი - შეიცავდა გოგირდ-35-იან ცილებს, მეორე - ფოსფორ-32-იან დნმ-ს.
     ამის შემდეგ რადიოაქტიურად მონიშნული ბაქტერიოფაგები დაუმატეს 2 ბაქტერიულ კულტურას, რომლებიც არ შეიცავდა აღნიშნულ იზოტოპებს. დასნებოვნებული ბაქტერიები იწყებდნენ ვირუსული ნაწილაკების „აწყობას“.
     ბაქტერიული კულტურა, რომელშიც დამატებული იყო ფოსფორ-32-იანი ვირუსები, თავადაც შეიცავდნენ ფოსფორის იზოტოპს და მათ მიერ „აწყობილი“ ვირუსული ნაწილაკებიც რადიოაქტიური იყო, ხოლო ის ბაქტერიული კულტურა, რომელშიც დამატებული იყო გოგირდ-35-იანი ვირუსები, არც თავად შეიცავდნენ გოგირდის იზოტოპს და არც მათ მიერ „აწყობილი“ ვირუსული ნაწილაკები იყო რადიოაქტიური.
     ამგვარად, ჰერშისა და ჩეიზის ექსპერიმენტით დადასტურდა, რომ გენეტიკური ინფორმაცია მოთავსებულია დნმ-ში. 1969 წელს ალფრედ ჰერშს ზემოთ აღწერილი ექსპერიმენტისათვის ნობელის პრემია მიენიჭა.


No comments :

Post a Comment