04/02/2017

გრაფიკული მაორგანიზებელი - ინფორმაციის დახარისხების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი

გრაფიკული მაორგანიზებლები აადვილებს
ინფორმაციის  დაჯგუფებას და დამახსოვრებას
     „სწავლება“ არ ნიშნავს მოსწავლისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გადაცემას. ჩემი აზრით, „სწავლება“ აუცილებლად უნდა მოიცავდეს მოსწავლისთვის იმ ეფექტური საშუალებებისა და გონივრული ხერხების გადაცემასაც, რაც მას დაეხმარება მომავალში დამოუკიდებლად განახორციელოს ინფორმაციის დამუშავება-დახარისხება, აღქმა-დამახსოვრება, ანალიზი და შესაბამისად, უზრუნველყოს თვისწავლების პროცესი.
     სკოლასა და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში უამრავი ტექსტის წაკითხვა და დასწავლა მიწევდა, რომლებიც ფურცლის მთელ სიგრძე-სიგანეზე ერთფეროვნად ჩალაგებული სტრიქონებისგან შედგებოდა. მახსოვს, როგორ მიხაროდა თუ ტექსტი მრავალ პატარ-პატარა აბზაცად იყო დაყოფილი - ასე, თითქოს, უფრო ადვილი იყო შინაარსის გაგება და რაც მთავარია, წაკითხულის დამახსოვრება.


     ერთ დღესაც დამოუკიდებლად „აღმოვაჩინე“, რომ ტექსტში გაბნეულ ინფორმაციას ძალიან მარტივად შეიძლება მოვუყარო თავი ე.წ. გრაფიკული მაორგანიზებლების დახმარებით და მას შემდეგ, ეს სქემატური გამოსახულებები ინფორმაციის შეკრების, დახარისხებისა და გამოსახვის საყვარელ ინსტრუმენტად მექცა. ძალიან გაოცებული დავრჩი, როცა მოგვიანებით, ინტერნეტის საძიებო სისტემებით ვიპოვე სქემატური გამოსახულებების უამრავი ნაირსახეობა. გაოცებას თან ახლდა წყენის განცდაც, ერთი მხრივ იმის გამო, რომ სქემები, რომლებიც თავად მოვიფიქრე, არ აღმოჩნდა უნიკალური და განუმეორებელი, რადგან სხვებსაც ჰქონიათ შექმნილი, მეორე მხრივ კი იმის გამო, რომ თურმე არსებობდა სქემატური გამოსახულებების უზარმაზარი მრავალფეროვანი სისტემა, რომელიც თავის დროზე არავინ გაგვაცნო და მე და ჩემს მეგობრებს საათობით გვიწევდა ურთულესი სამეცნიერო ტექსტების დამუშავება, რათა გამოცდაზე უმაღლესი შეფასება მიგვეღო (აღარაფერს ვამბობ ცოდნის მიღებაზე)...
     ახლა, როცა იმ საგნის მასწავლებელი ვარ, რომელიც დატვირთულია მონაცემებით, ტერმინებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით, თანმიმდევრული თუ ციკლური მოვლენებით და ა.შ., ვცდილობ გაკვეთილის ახსნის პროცესში აუცილებლად გამოვიყენო შესაბამისი გრაფიკული მაორგანიზებელი და დავანახო კიდეც ბავშვებს, თუ როგორ მოვახდინე ამა თუ იმ სახის სქემაში კონკრეტული ინფორმაციის დალაგება / დაჯგუფება.
     ვერ ვიტყვი, რომ სქემატური გამოსახულებები ყველა მოსწავლეს ერთნაირად მოსწონს. მართალია, აღქმის პროცესი უადვილდებათ, მაგრად დამახსოვრებისთვის ბავშვების ნაწილი (განსაკუთრებით უმცროსი ასაკის - V-VI კლასი) ისევ სახელმძღვანელოს ტრადიციულ ტექსტს მისდევს. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მათი რიცხვიც, ვინც აქტიურად იყენებს გრაფიკულ მაორგანიზებელს როგორც დამახსოვრებისთვის, ისე ანალიზისთვის. უფრო მეტიც, ზოგიერთი მოსწავლე მეკითხება, შეიძლება თუ არა შემაჯამებელი წერის დროს სქემატურადვე გასცეს პასუხი ღია შეკითხვას. რატომაც არა? თუ მის მიერ გამოყენებული სქემა შეკითხვას სწორად პასუხობს და მოსწავლეს უადვილებს საკუთარი აზრის გადმოცემას.
 


No comments :

Post a Comment