12/04/2015

„რა სარგებლობა მოაქვს ბლოგს?“

     სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული მრავალი საინტერესო მასალა შემხვედრია როგორც ბიოლოგიის, ისე ფსიქოლოგიის სფეროში და ბევრი მათგანი მითარგმნია კიდეც, მაგრამ არ ვიცოდი ეს ყველაფერი სად „გამომექვეყნებინა“ ისე, რომ სხვათაც ჰქონოდათ მათი ნახვისა და გამოყენების საშუალება. გარდა ამისა, ხელნაწერი მასალები დროთა განმავლობაში უფერულდება და რაც მთავარია, როცა სამუშაო მაგიდის ან კარადის უჯრების დალაგებას იწყებ, ისინი ყველგან „ფეხებში გედება“ და ადგილს იკავებს, საბოლოოდ კი მტვრის წყაროდ იქცევა.

    თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, იქნებ ღირს დაფიქრდეთ იმაზე, თუ „რა სარგებლობის მოტანა“ შეუძლია ბლოგს ამ თვალსაზრისით?

1. საშუალება გაქვთ გამოაქვეყნოთ და სხვებსაც გაუზიაროთ საინტერესო და სასარგებლო მასალები, იდეები, ელექტრონული რესურსები, სხვადასხვა ვებ-გვერდების ბმულები.
2. აღარ გჭირდებათ ინფორმაციის ფურცლებზე შენახვა. შესაბამისად, თაროებსა და კარადების უჯრებში თავისუფლდება საკმაოდ დიდი სივრცე; აღარც მაკულატურა გროვდება და ბუნებსაც უფრთხილდებით ნაკლები რაოდენობის ფურცლის გამოყენებით.
3. შეგიძლიათ ატვირთოთ და შეინახოთ განუსაზღვრელი რაოდენობის ფოტო- და ვიდეომასალა როგორც საკუთარი, ისე სხვა ვებ-გვერდებზე განთავსებული, რისთვისაც მათ თან ახლავს ე.წ. „ბლოგზე ჩასასმელი (embed)“ მისამართი.
4. ბლოგის დათვალიერება შესაძლებელია არა მარტო კომპიუტერით, არამედ ინტერნეტში ჩართული მობილურითაც. რაც იმას ნიშნავს, რომ მასალები, რომლებიც ბლოგზე გაქვთ ატვირთული მუდამ ხელმისაწვდომია თქვენთვის შინ თუ გარეთ, გაკვეთილზე, ტრანსპორტში, მოგზაურობის დროს და სხვ.
5. ხელნაწერი მასალების ხელახლა კომპიუტერში დაბეჭდვა, დამეთანხმებით, ყველას ეზარება. სულ სხვა საქმეა, როცა მათი თარგმნა თუ ბეჭდვა პირდაპირ ელექტრონულ რეჟიმში გიწევთ და აქედან გამომდინარე, თქვენთვის ძვირფასი დროც იზოგება.


No comments :

Post a Comment