№1
ნუ მთხოვ, ძვირფასო, მონატრებულს არ მოგეხვიო
და ლამაზ შუბლზე ნაზი კოცნით არ გეამბორო,
კიდეც გაკოცებ და გულშიაც ძლიერ ჩაგიკრავ,
სიყვარულის კი, ჩემო კარგო, აბა, რა გითხრა?
უფლის ნებაა: შეგიყვარებ? არ შეგიყვარებ?
თუ შეგიყვარე, იცოდე, რომ ვეღარ დაგტოვებ.
№2
ნუ მთხოვ, ძვირფასო, მონატრებულს რომ არ მოგწერო,
კეთილი სიტყვით ერთხელ მაინც არ მოგიკითხო,
შენი სიცივე მუზას მიკლავს და ასამარებს,
მაგრამ მე მაინც გამოვძებნი ასოთ ამალებს.
„ყოველ შეხვედრას ისევ ითვლი?“ - შენ გაიკვირვე,
ეს ხომ წარსულში ტრადიციად დავთქვით ორივემ?
მე ტრადიციის ერთგული ვარ, მას არ ვღალატობ,
არ დავივიწყებ იმ დღეს, გწამდეს, ჩემო, არასდროს!
შენი სიცივით მუზა კვდება, სტრიქონი წყდება...
საბრალო მუზის ეს სიტყვები ანდერძად მრჩება:
„ამ წუთისოფლად შენს გულისწორს ერთხელ შეხვდები,
მას შემდეგ მასთან განშორებას ნუღარ ეცდები!“
დამშვიდობების ჟამი თავად დადგება თურმე,
როცა სიკვდილი გამოჩნდება სიცოცხლის ზღურბლზე...
№3
ნუ მთხოვ, ძვირფასო, რომ ლექსები დავწერო შენთვის,
ლექსი გარითმულ სიტყვთა წყობა როდია მარტო...
გულის სიღრმეში დანთებულ ცეცხლს გრიგალი ერთვის
და ეს ქაოსი შობს უბადრუკს ჩემს ლექსებს, კარგო...
ლექსი რომ წერო - უნდა გერქვას „მუზის რჩეული“,
მუზა - კეთილი, ხან - ჯიუტი, ხანაც - მწყრალი არს,
თუ ის არ გწყალობს - გზას გათელავ, ივლი ეული
და თუკი გწყალობს - პოეტური ბანგით მთვრალი ხარ.
ვით გაიმეტა ბეჩავისთვის წყალობა მუზამ?
გულში მოვარდნილ სათქმელს ვახშობ და ვერას ვამბობ,
ამ სიჩუმეში გაუვლია წლებს უკვე უხვად,
შენ კი მთხოვ: „ლექსი დაწერეო, ჩემთვისო მარტო...“
ჩემგან მოიტანს ცელქი სიო ლექსს შენთვის მუდამ,
სამარადჟამოდ თუ იქცევი ჩემს ერთგულ მუზად.
7 / 04 / 2006
* * *
შენზე ოცნება ძლიერ თუ დამტანჯავს
და შენზე ფიქრები გულს თუ დამიკაწრავს,
მე მოვალ შენთან, ჩურჩულით გეტყვი,
რომ უსაშველოდ ძლიერ მიყვარხარ!
თუ განშორება ძნელი გამოდგა,
უშენოდ გულმა ვერ გაიხარა,
მაშინაც მოვალ, მაშინაც გეტყვი,
რომ მე შენ ძლიერ, ძლიერ მიყვარხარ!
თუ გავა დრო და შენი სახება
გულს დააჩნდება, როგორც იარა,
მე შენზე ისევ ჩურჩულით ვიტყვი:
„კვლავ მიყვარს ისე, როგორც მიყვარდა!“
2000 წელი
* * *
ჩემი თვალები მოგაგონებს უმთვარო ღამეს.
რომლის წყვდიადში ძნელი არის იხილო რამე.
ცის კაბადონზე გამოჩნდება ვარსკვლავი კენტად
და ეს ვარსკვლავი ჩემს თვალებში, იცოდე, შენ ხარ.
ვიცი, ჩემს გამო მთვარეული დაიარები,
თავს არ განებებს ჩემზე ფიქრი და იარები,
ათას სხვას მე რომ მამჯობინე - ამას მაყვედრი?!
შენი ღირსი ხომ მათგან იყო, ჩემო, არცერთი!
მთვარის ნაბოძებ ბრწყინვალებას გაგიზიარებ,
ეს განუგეშებს? მოგიშუშებს შენს ძველ იარებს?
სხვა რა გაგიყო? მე, უბადრუკს რა გამაჩნა?
აჰა, ეს გული! - შენი იყოს შიგ რაც განძია.
5 / 01 / 2006
No comments :
Post a Comment